კვარამ თავის ტკივილის გამო ვერ ითამაშა - პსჟ-მ საფრანგეთის თასი მოიგო
საფრანგეთის თასის ფინალში პარი სენ ჟერმენი რეიმსს დაუპირისპირდა და მარტივად 3:0 დაამარცხა.
რეიმსის რბევა მე-16 წუთზე ბრედლი ბარკოლამ დაიწყო, რომელმაც დუეს პასი გამოიყენა. ზუსტად 3 წუთში, კვლავ დუეს პასი და ბრედლის გოლი. მე-19 წუთისთვის ფაქტობრივად ჩემპიონის ბედი გადაწყვეტილი იყო.
43-ე წუთზე, ბარკოლას შესანიშნავი პასი ჰაკიმიმ გამოიყენა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:0 დააფიქსირა.
ცნობისთვის, მატჩის დაწყებამდე, პარი სენ ჟერმენის გამოქვეყნებულ ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია ეწერა, თუმცა მის ნაცვლად მინდორზე დეზირე დუე ვიხილეთ.
Le Parisien-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს თავი ასტკივდა და მისი უთამაშებლობის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
მოგვიანებით, RMC Sport-ის ჟურნალისტმა ფაბრის ჰოუკინსმა დაწერა, რომ კვარამ მოედანი დატოვა, სახლში წავიდა და დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება.
ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ, ხვიჩამ მეორე ტიტული მოიგო. საფრანგეთის ლიგა 1 და საფრანგეთის თასი. წინ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელშიც პარი სენ ჟერმენი ინტერს დაუპირისპირდება.