„თუ ილიამ მისი ყბა იპოვა, ცუდი საღამო ექნება“ | ალჯო თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბზე
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბზე ისაუბრა. „ალჯოს“ თქმით, „დუ ბრონქსს“ სიფრთხილე მართებს და არის შანსი, ყველაფერი მისთვის ძალიან ცუდად წარიმართოს.
„ოლივეირა ყველა ორთაბრძოლაში დაანოკდაუნეს. მისი ბოლო რვა ჩხუბი რომ ნახოთ, ყველაში მოხვდა ძლიერად და ყველამ კარგად ვიცით, რომ თოფურიას მეტოქეთა ყბების დამტვრევა შეუძლია, თუმცა, გამოჩნდა ისიც, რომ ჯაი ჰერბერტმა ილიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
თოფურია ამბობს, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში თავს კარგად გრძნობს და მისი ძალა განსხვავებულია. მან ოლივეირას ისე რომ მოარტყას, როგორც სხვებისთვის გაუკეთებია, ვფიქრობ, ჩარლზს ცუდი საღამო ექნება და ილია ჩემპიონი გახდება.
აუცილებელია, გრეპლინგზეც ვისაუბროთ. ფაქტია, რომ არავინ გვინახავს, ვისაც თოფურიასთვის გრეპლინგით პრობლემები შეუქმნია და მაინტერესებს, დუ ბრონქსი ამას ეცდება თუ არა. მინდა, ვნახო ჩარლზი აქცენტს მეტოქის დაღლაზე ხომ არ გააკეთებს, თუმცა, ილიას მხარეს ვიხრები“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.