ინტელექტით და თავმდაბლობით ჩვენს მოთხოვნებთან ადაპტირდა | ენრიკემ კვარაზე ისაუბრა
ლიგა 1-ის 2024-25 წლების სეზონის დასკვნით ტურში პსჟ-მ შინ „ოსერი'' 3:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი პსჟ-მ 0:1 დათმო, თუმცა მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, მის გოლებს შორის კი მარკინიოსმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ DAZN-თან ისაუბრა: „ოსერი’’ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავდა. ჩვენთვის პირველი ტაიმი რთული იყო, რადგან თამაშის საკმარისი რიტმი არ გვქონდა. მეორე ტაიმში თამაში გავაუმჯობესეთ და ძალიან კარგად ვითამაშეთ.
კვარას სათამაშო დონეს კარგად ვიცნობთ. ნორმალურია რომ მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა, მაგრამ მისი ინდივიდუალური თვისებების შესახებ ყველამ კარგად იცის.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი? ახლა ქომაგებთან ერთად ვზეიმობთ, ამით სიამოვნებას ვიღებთ, ეს ამ სეზონში ჩვენი ბოლო მატჩია „პარკ დე პრენსზე’’. ყველას გონებაში 31 მაისის მატჩია, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ’’.
ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს: „ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელიც გასულ სეზონშიც გვსურდა, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა. მისი დამატება სეზონის დასაწყისშიც ვცადეთ და საბოლოოდ იანვარში მოვიყვანეთ. ინტელექტით და თავმდაბლობით ჩვენს ყველა მოთხოვნასთან ადაპტირდა, რაც მას დაცვასა თუ შეტევაში დავავალეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ფორვარდები დაცვაში საოცრად თამაშობენ, დაცვაში შესანიშნავი სტატისტიკა აქვთ. კვარაც მათ შორისაა. რაც შეეხება შეტევაში თამაშს, ეჭვი არ მეპარება უახლოეს წლებში უამრავ გოლს გაიტანს''.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გასულ ზამთარში გადავიდა, ლიგა 1-ის 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ „რეიმსს'' დაუპირისპირდება (24 მაისი), ჩემპიონთა ლიგის ფინალში - მილანის „ინტერს''. „ინტერთან'' შეხვედრა 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე'' გაიმართება.