კვარას შოუ ოსერთან | დუბლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო
ლიგა 1-ის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ოსერს“ უმასპინძლა და 3:1 იმარჯვა.
პირველი ტაიმი „ოსერმა“ მინიმალური ანგარიშით მოუგო: 31-ე წუთზე ლასინე სინაიოკომ უილიამ პაჩოს პოზიციურ დუელში აჯობა, ჯანლუიჯი დონარუმასთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გახსნა.
კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველ ტაიმში შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მეორე ტაიმში კი უფრო ჩვეულ, მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა. 59-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოს მისადგომებთან ფაბიან რუისის პასი მიიღო და მეკარისგან მარცხენა ქვედა კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:1. 67-ე წუთზე პარიზელთა კუთხურს მეორე გოლი მოჰყვა - თავი კაპიტანმა, მარკინიოსმა გამოიჩინა. მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა გონსალუ რამუშმა პენალტი ვერ გამოიყენა, 88-ე წუთზე კი კვარაცხელიამ „ოსერის“ საჯარიმოში მიიღო ბურთი, მეკარე მოატყუა და დუბლი გაიფორმა.
ხვიჩამ მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 10,0-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 5 დარტყმა კარში, 2 დარტყმა კარისკენ, 7-დან 5 წარმატებული დრიბლინგი, 51-დან 49 ზუსტი პასი (96%), 3 საკვანძო პასი, 4-დან 3 ზუსტი ჩაწოდება, 1 ზუსტი გრძელი პასი, 2 შექმნილი საგოლე მომენტი, 11-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. კვარამ 9-ჯერ დაკარგა ბურთი და სამჯერ დაჯარიმდა.
ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები
ამრიგად, პსჟ-მა სეზონი 84 ქულით 1-ელ ადგილზე დაასრულა, ხვიჩას კი 14 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.
24 მაისს პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ დაუპირისპირდება, 31 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშებს.