ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„აბსოლუტურად შეუჩერებელი იყო“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე

ლიგა 1-ის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ოსერს“ მოუგო (3:1) და ჩემპიონატი მაღალ ნოტზე დაასრულა.

მატჩის შემდეგ ფრანგული პრესა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ასე გამოეხმაურა:

90min: რამდენიმე სოლოგარღვევა მარცხენა ფლანგზე (მე-7, მე-12 წუთები), მოულოდნელი დარტყმა 24-ე წუთზე, კარგი თამაში დაცვაში კონტრპრესინგის დროს. გუნდის ყველაზე აქტიური შემტევი იყო, ახლოს იყო საგოლე პასთან 53-ე წუთზე, 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი დუბლი გაიფორმა.

Maxifoot: პირველ ტაიმში ქართველმა გარემარბმა აჩვენა, რომ შეტევის მარჯვენა ფლანგზე თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობს, მაგრამ როგორც კი მარცხენა ფლანგზე დაბრუნდა, „ნაპოლის“ ექსფეხბურთელი აბსოლუტურად შეუჩერებელი იყო. მან ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, „ოსერის“ დაცვას კი თავისი სისწრაფით ღლიდა. მისი დარტყმული ჯარიმა ძელს მოხვდა, შემდეგ კი ქართველმა დუბლი გაიფორმა. საერთო ჯამში, სოლიდური მატჩი ჩაატარა, რაც მას დარჩენილ ორ მატჩში თავდაჯერებულობას შემატებს.

Parisfans: მატჩის წამყვანი მოთამაშე იყო. ფიზიკური მუშაობის თვალსაზრისით სეზონი შესანიშნავად დაასრულა და ორი გოლიც გაიტანა.

Le Parisien: აქტიურობდა, მიდიოდა დრიბლინგში, როგორც ეს მას სჩვევია. გარკვეული დროის განმავლობასში მისი ეფექტურობა შეზღუდული იყო, თუმცა კვარაცხელია არ დანებდა და თავდაუზოგავი შრომისთვის დასაჩუქრდა გოლით 59-ე წუთზე. 83-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი ლიგა 1-ში პირველი დუბლი გაიფორმა და სეზონის მეოთხე გოლი გაიტანა. ლოგიკურია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ის დასახელდა.

L'Equipe: პირველ ტაიმში პსჟ უჩვეულოდ ნელი იყო, ქართველი კი მუდმივად ცდილობდა, თამაში აეჩქარებინა. 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 88-ზე კი საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია მისი დამოკიდებულებაც: ქართველი მუდმივად ცდილობდა, თანაგუნდელები გამოეღვიძებინა.

ამრიგად, პსჟ-მა სეზონი 84 ქულით 1-ელ ადგილზე დაასრულა, ხვიჩას კი 14 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა. 

24 მაისს პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ დაუპირისპირდება, 31 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას შოუ ოსერთან | დუბლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო
კვარას შოუ ოსერთან | დუბლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო