ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრანსონი
Aa
Aa

რთული საღამო ჩემპიონისთვის | ტეიტუმის მძიმე ტრავმა და მარცხი ნიქსთან

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „ბოსტონ სელტიქსი“ პლეიოფიდან გავარდნასთან ერთ ნაბიჯშია და ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. მეორე რაუნდში, „ბოსტონი“ „ნიუ იორკ ნიქსს“ ხვდება და სერიაში 1:3 მარცხდება, რასაც მთავარი ვარსკვლავის, ჯეისონ ტეიტუმის ტრავმა დაემატა.

„ნიქსისა“ და „სელტიქსის“ სერიის მეოთხე შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 121:113. მეოთხე მეოთხედის მიწურულს, მძიმე კადრები ვიხილეთ. ტეიტუმმა არაკონტაქტური ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ „ჯეიტი“ ვერ გადაადგილდებოდა და იგი გასახდელში სავარძელ-ეტლით გაიყვანეს.

„ტეიტუმი ისეთი ბიჭია, მსგავსი მომენტებისას ეგრევე ფეხზე დგება. ეს რომ არ გააკეთა, ვიცოდით, რომ რაღაც რიგზე არ იყო და ზუსტი პასუხი ხვალ გვეცოდინება“, - განაცხადა „ბოსტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯო მაზულამ. ESPN-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტეიტუმმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

„ნიქსის“ წინააღმდეგ „ჯეიტი“ შესანიშნავი იყო და მატჩი 42 ქულით, 8 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. დერიკ უაითს 23 ქულა ჰქონდა, ჯეილენ ბრაუნს - 20. „ნიქსის“ მხრიდან 39 ქულით, 12 ასისტითა და 5 მოხსნით ჯეილენ ბრანსონი გამოირჩა. მიკალ ბრიჯისმა და კარლ-ენტონი თაუნსმა 23-23 ქულა გააკეთეს, ოჯი ანუნობიმ - 20.

ცნობისთვის, სერიის მეხუთე შეხვედრა 15 მაისს გაიმართება და „ნიქსს“ კონფერენციის ფინალში გასვლის შანსი ექნება. მატჩი თბილისის დროით, 03:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანდიოზული ბონუსები - ინტერი ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს
გრანდიოზული ბონუსები - ინტერი ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს