ისტორიაში პირველად - ფიგურული ციგურაობის ჩელენჯერი საქართველოში
საერთაშორისო საციგურაო კავშირის გადაწყვეტილებით, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველო ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრება, რომლის სახელწოდებაც „თრიალეთის თასი 2025“ იქნება, 8-11 ოქტომბერს, ახლადაშენებულ თბილისის ყინულის არენის დარბაზში ჩატარდება.
ტურნირი მამაკაცების, ქალების, სპორტული წყვილებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში ჩატარდება და თბილისში მსოფლიოს არაერთი უმაღლესი კლასის მოციგურავე ჩამოვა. ჩელენჯერის სერიები 2014 წლიდან იმართება და მისი შედეგების მიხედვით, სპორტსმენები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად საჭირო მინიმალურ ქულებს აგროვებენ და ასევე ცდილობენ რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესონ.
პრესტიჟული ტურნირის თბილისში ჩატარება საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძისა და საერთაშორისო ციგურაობის კავშირის პრეზიდენტის კიმ ჯეი იულის ბოსტონში გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. წელს ფიგურული ციგურაობის ოთხივე დისციპლინაში ჩელენჯერის სერიები მსოფლიოს მხოლოდ ოთხ ქვეყანაში გაიმართება და იაპონიასთან, გერმანიასთან და ხორვატიასთან ერთად, ეს პატივი წილად საქართველოს ერგო.