ენრიკე: შევეცდებით ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელს მოვიგოთ - ეს ჩვენი მიზანია
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. პსჟ-მა „არსენალი“ განმეორებით მატჩიც დაამარცხა. ანგარიში 2:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ, პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
„ვფიქრობ, ინტენსივობის თვალსაზრისით, მატჩს იმედი არ გაუცრუებია. „არსენალი“ მოსაგებად ჩამოვიდა. პირველ ნახევარში მათ თამაში თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალა. ჩვენ გვიჭირდა, რადგან „არსენალმა“, რომელიც ბურთითაც და უბურთოდაც კარგად თამაშობს, პრობლემები შეგვიქმნა“.
„აქ მოსვლის პირველ დღეს მე ვთქვი, რომ ჩემი მიზანია, ისტორიის წერა კლუბთან ერთად. დღევანდელი დღე არაჩვეულებრივი იყო. მინდა გულშემატკივრების მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“.
„ყველას უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ჩვენ გვინდა ამის უნარი გვქონდეს. შევეცდებით ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელს მოვიგოთ - ეს ჩვენი მიზანია“.
„ინტერი“ ბოლო 3 წელში მეორედ გავიდა ფინალში. ისინი მზად არიან. სასტარტოშიც არ შეუტანიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ეს არის გუნდი, რომელიც სტანდარტებით დომინირებს. ჩვენზეა დამოკიდებული, ფინალში სწორ განწყობაზე მივიდეთ“.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, პსჟ-მა „არსენალს“ ლონდონში 1:0 მოუგო - ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩას გუნდი „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ბარსელონა“ დაამარცხა. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება და მას „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.