„სენტ-ეტიენის იქს ფაქტორი“ | როგორ შეაფასა LEquipe-მა ზურიკოს მატჩი
საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „მონაკოს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1:3 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში, მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდა.
ზურიკომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 65-ე წუთზე, დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, „მწვანეები“ მალევე მდევრის როლში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ და ქულა ვეღარ გადაარჩინეს.
32-ე ტურის დასრულების შემდეგ, ზურიკოზე L’Equipe-მა დაწერა და მის თამაშს გამოეხმაურა: „მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში გატანილმა გოლმა სენტ-ეტიენის საშინაო არენაზე მყოფ გულშემატკივრებს გიჟური ემოცია მიანიჭა, მაგრამ ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა. ზურიკოს სურდა, კარგად ეთამაშა და ეს გოლი მისი ჯილდო გახლდათ. თუმცა, 53-ე წუთზე, კარგი შანსი გაანიავა. მის მიერ მოხდენილი გავლენიდან და სტანდარტულებიდან გამომდინარე, დავითაშვილმა დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე, მწვანეების იქს ფაქტორად რჩება“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და „სენტ-ეტიენი“ 27 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს. „მწვანეები“ „ლე ავრს“ 4 ქულით ჩამორჩებიან და შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ.