ბარსა შენგელიას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს | შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს
Sportando-ს ჟურნალისტის, ალესანდრო მაჯის ინფორმაციით, „ბარსელონას’’ საკალათბურთო კლუბს თორნიკე შენგელიას დამატება სურს. კატალონიური გუნდი 34 წლის მოთამაშის გარშემო არსებულ ვითარებას სწავლობს და ქართველს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
შენგელიას, რომელიც 2022 წელს რუსული ცსკა-დან წამოსვლის შემდეგ „ბოლონიასთვის’’ თამაშობს, ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს. 2008-10 წლებში „ვალენსიას’’ კალათბურთელი იყო, 2014-20 წლებში „სასკი ბასკონიას’’ ღირსებას იცავდა. კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი ბასკურ კლუბში გაატარა, 2018 წელს ევროლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შენგელიას „ბოლონიასთან'' კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
მიმდინარე სეზონში ევროლიგაში საშუალოდ 15.6 ქულას, 5.0 მოხსნასა და 2.7 პასს აკეთებდა, ხოლო მისმა გუნდმა „ბოლონიამ'' ტურნირი 9-25 ბალანსით დაასრულა. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, საშუალოდ მის აქტივში 14.4 ქულა, 5.7 მოხსნა და 2.9 პასია.