გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“ - მიქაუტაძე ლანსთან მარცხზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ლანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. შედეგად, ქართველი შემტევის გუნდმა ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლის გზაზე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ევროპაში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრის შანსებიც საგრძნობლად გაირთულა.

79-ე წუთზე, როდესაც „ლანსი“ 0:1 იგებდა, გიორგი მიქაუტაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა, მალევე სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს და საბოლოოდ, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა განვლილი მატჩი beIN Sports-სთან შეაფასა და მარცხისგან გამოწვეული იმედგაცრუება ვერ დამალა.

რა თქვა მიქაუტაძემ:

„ვფიქრობ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო, განსაკუთრებით მეორე გოლის, რის შემდეგაც თამაშში დაბრუნება ვეღარ მოვახერხეთ. 5-10 წამის განმავლობაში ის მარტო მირბოდა და დარტყმის მოსამზადებლად დიდი დრო მივეცით. სამწუხაროა, რადგან ჩვენი შანსები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ეს ძალიან რთულია და სახლში წაგებით საკმაოდ იმედგაცრუებულები ვართ“.

„შანსები გართულდა, მაგრამ ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და ისიც არ ვიცით, კონკურენტები როგორ ითამაშებენ. მონაკოსთან მატჩი მნიშვნელოვანი იქნება. მთავარი ჯერ ეს არის. მონაკოსთან უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება. რა თქმა უნდა, დღევანდელი საღამოს შედეგი იმედგამაცრუებელია, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით. ვიცით, რომ ორი თამაში დაგვრჩა და 6 ქულის აღება შეგვიძლია. ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებთ ამ 6 ქულის მოსაპოვებლად“.

ამ მომენტისთვის, „ლიონი“ საუკეთესო ექვსეულს მიღმაა და 54 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი „ლილის“ 2 ქულით ჩამორჩება და თუ „ლილი“ ამ ტურის მატჩს მოიგებს, „ლიონს“ 5 ქულით გაუსწრებს. მე-7 ადგილზე გასვლის შემთხვევაში „ლიონი“ ევროტურნირების საგზურს ვერ მოიპოვებს.

24 წლის ქართველმა ფორვარდმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა, ევროპა ლიგის 11 მატჩში - 4 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასის ორ მატჩში - 2 გოლი. საერთო ჯამში, ამ სეზონში მიქაუტაძემ 45 მატჩში აქტივში 28 საგოლე მოქმედება - 17 გოლი და 11 საგოლე პასი ჩაიწერა.

მომდევნო ტურში, რომელიც 10 მაისს გაიმართება, „ლიონი“ მეორეადგილოსან „მონაკოს“ ესტუმრება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის, ამისთვის კი მინიმუმ მე-4 ადგილზე გასვლაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვარას გავლენა აბსოლუტურია...“
„ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვარას გავლენა აბსოლუტურია...“