ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - ბურჯანაძის კარგი მატჩი სარაგოსასთან
ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ლიგა ენდესას XXVII ტურში „ლეიმა კორუნია“ სტუმრად „სარაგოსასთან“ 8-ქულიანი სხვაობით, 76:84 დამარცხდა, 31 წლის ქართველ კალათბურთელს კი ორმაგი დუბლის შესრულებამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.
პარკეტზე გატარებულ 22 წუთში ბურჯანაძემ 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან სამიდან ერთი სამქულიანი, ხუთიდან ერთი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. ცხრა მოხსნიდან ოთხი - თავდასხმაში, ხუთი კი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
29 ტურის შემდეგ 6 მოგებითა და 23 წაგებით „ლეიმა“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციაზეა და 99-პროცენტიანი ალბათობით ქვედა დივიზიონში დაქვეითებას ვერ გადაურჩება. მომდევნო შეხვედრას ბექა ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები 8 მაისს, საკუთარ დარბაზში „ბარსელონასთან“ ჩაატარებენ.