ემპოლის 21-მატჩიანი მოუგებელი სერია - გოგლიჩიძე შესვენებაზე შეცვალეს
რაც უფრო ნაკლები დრო რჩება იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე, „ემპოლის“ მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, უფრო მეტად მძიმდება. ჩემპიონატის XXXV ტურში საბა გოგლიჩიძემ და მისმა თანაგუნდელებმა ევროტურნირების საგზურისთვის მებრძოლ „ლაციოს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდნენ.
ერთადერთი და სამი ქულის მომტანი გოლი ბიანკოჩელესტეს რიგებში მატჩის პირველივე წუთზე სენეგალელმა ბულაიე დიამ გაიტანა. ამის შემდეგ შეხვედრა საკმაოდ უხეში თამაშის ფონზე გაგრძელდა, რის გამოც არბიტრმა მასპინძლების რიგებიდან ლორენცო კოლომბო (38-ე წუთი), ხოლო სტუმართა შორის ელსეიდ ჰისაი (76-ე წუთი) გააძევა.
რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, „ემპოლის“ ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო შესვენებისას შეცვალეს და მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა. საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველმა 45 წუთში ოთხიდან ერთი ორთაბრძოლა მოიგო, 16 პასიდან 14 ზუსტად შეასრულა და ათბალიანი სისტემით 6.3 მეათედი შეფასება დაიმსახურა.
სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „ემპოლი“ 25 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნება ასეთი თამაშის ხარისხის ფონზე, ძალიან გაუჭირდება. თუმცა, საბა გოგლიჩიძესა და მის თანაგუნდელებს საკმაოდ კარგი კალენდარი აქვთ - დარჩენილ სამ ტურში ისინი „პარმას“ (შინ), „მონცას“ (სტუმრად) და „ვერონას“ (შინ) უნდა დაუპირისპირდნენ.