დინამო ბათუმი მარცხს გადაურჩა - მიქაძის პირველი გამარჯვება გარეჯში
დღეს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XII ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა და სენსაციასთან ძალიან ახლოს იყო „გაგრა“, რომელიც „დინამო ბათუმს“ 90-ე წუთამდე ამარცხებდა, თუმცა ბოლომდე ვერ გაძლო, ჯალენ ბლესასგან გაუშვა გოლი და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ზღვისპირელთა ესპანელი ლეგიონერი ცალკე აღნიშვნის ღირსია - მან ბურთი ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა, საგოლე მოქმედების გარეშე კი, უკანასკნელი შვიდი თამაშია მოედანს არ ტოვებს. ბლესამ „გაგრას“ ბრაზილიელი ლეგიონერის, პედრო ბორჟესის გოლი გაქვითა, რომელმაც ლევან გეგეჭკორის პასით გამოიჩინა თავი.
ბათუმელებისგან განსხვავებით სტუმრად ქულები არ დაუკარგავს „ტორპედოს“ - წინა ტურში „შენგელია არენაზე“ „იბერიასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ქუთაისელებმა ხასიათი მალევე გამოიკეთეს და „კავკასიონი არენაზე“ ადგილობრივ „თელავთან“ 3:1 გაიმარჯვეს, რითაც კახეთის კლუბის მოუგებელი სერია 6 მატჩამდე გაიზარდა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში თითო ბურთი ბიორნ იონსენის, მერაბ გიგაურისა და პაატა ღუდუშაურის ანგარიშზეა, რასაც მასპინძლებმა ტატო ჟივიძის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.
პრობლემების გარეშე აიღო სამი ქულა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა - „დინამო თბილისმა“ საკუთარ სტადიონზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მეტოქეს 3:0 მოუგო. გოლები სტუმართა კარში მათე ვაწაძემ, თორნიკე მორჩილაძემ და ცვლილებაზე შესულმა ნოდარ ლომინაძემ გაიტანეს. 84-ე წუთზე კი ფოთელთა ფეხბურთელი სულეიმან მეიტე არბიტრმა ზღვარგადასული უხეშობის გამო გააძევა.
გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „გარეჯმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა - საგარეჯოელებმა საკუთარ სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ 2:1 ფრანსუა ეკონგოლოსა და ლევან პაპავას ბურთებით აჯობეს, რასაც წყალტუბოელთა რიგებში გიორგი ფანცულაიამ ერთი გოლით უპასუხა.
თორმეტი ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას 30 ქულით „იბერია“ ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „დინამო ბათუმს“ 6 ქულით უსწრებს. მომდევნო, XIII ტურის შეხვედრები 7-8 მაისს გაიმართება.