იეგოიანის აღიარება | ნიდერლანდებში პრესტიჟული ჯილდოს მოგების შანსი აქვს
„ვიტესის“ ქართველ ფეხბურთელს, ირაკლი იეგოიანს პრესტიჟული ჯილდოს, „ოქროს ფარის“ მოგების შანსი აქვს. იეგოიანს შეუძლია, ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის მეოთხე პერიოდის საუკეთესო ტალანტი გახდეს.
ერსტე დივიზიეში სეზონი 4 პერიოდადაა დაყოფილი და თითოეული პერიოდის საუკეთესო გუნდი უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელი პლეიოფის საგზურს ინაღდებს. თითოეული პერიოდისას, ჯილდო საუკეთესო ფეხბურთელს, საუკეთესო მეკარეს, საუკეთესო ტალანტსა და საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემათ.
იეოგიანი საუკეთესო ტალანტის ნომინაციაზეა წარდგენილი. ხმის მიცემა 1-ელ მაისს დაიწყო და 2 მაისს სრულდება. გამარჯვებულების ვინაობა ESPN-ის პირდაპირ ეთერში, საფეხბურთო გადაცემის, Voetbal op vrijdag-ის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.
როგორც მოგეხსენებათ, იეგოიანი „ვიტესის“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და გასულ ტურში, „როდას“ წინააღმდეგ დუბლი მიითვალა. ირაკლის არნემელებთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.