ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | არსენალთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას აქებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „არსენალია“. პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. „კვარამ“ საგოლე გადაცემა მიითვალა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც ბრიტანულ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

ხვიჩაზე Daily Mail-მა, Mirror-მა და სხვა გამოცემებმა დაწერეს. ქართველ გარემარბზე, საკუთარ სვეტში, „არსენალთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტმა, ჩარლზ უოთსმაც ისაუბრა და Caughtoffside-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, მას „განსაკუთრებული მოთამაშე“ უწოდა.

„ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია. ბევრ ისეთ შემტევს ვერ იპოვით, რომლებსაც შეუძლიათ, იურიენ ტიმბერი არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდონ, მაგრამ ფაქტია, რომ საწყის ნახევარ საათში, ქართველმა გარემარბმა სწორედ ეს გააკეთა.

რთულია, პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიას ნაჩვენებ თამაშს შეხედო და არ იფიქრო, რა მოხდებოდა, არსენალს მისი გაფორმება რომ ეცადა, როდესაც ხვიჩა ხელმისაწვდომი იყო. ვთქვი, რომ მეთოფეებს მის შესაძენად მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინათ და პოზიცია არ შემიცვლია.

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კულუარებს მიღმა, პსჟ-მ დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა მიზნისთვის მიეღწია და დროის ამბავი იყო, პარკ დე პრენსზე როდის გადავიდოდა.

დამტკიცდა, რომ კვარაცხელიას შეძენა სწორი არჩევანი იყო. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს. გამორჩეული სტილი აქვს და მოსწონს, როდესაც ფლანგის მცველებზე მიდის. ნამდვილი გარემარბია და არის ფეხბურთელი, რომელიც ფეხზე წამოგაყენებს, როდესაც ბურთს იღებს. პრემიერ ლიგისთვის ბრწყინვალე დანამატი იქნებოდა და ვიცი, რომ ლივერპული თვალს ადევნებდა, მაგრამ პარი სენ-ჟერმენმა სწრაფად იმოქმედა, რათა მისთვის ბრძოლაში წამყვანი პოზიცია დაეკავებინა“, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ფრანგულ პრესაშიც შეაქეს. L’Equipe-ის თქმით, მან უდიდესი სამუშაო გასწია და პენალტიც მოიპოვა, რომელიც მსაჯმა არ დანიშნა, RMC Sport-მა კი განაცხადა, რომ ხვიჩამ ტიმბერს ჯოჯოხეთი მოუწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ყოფნის შემთხვევაში ინტერთან სხვაობა სამ ქულაზე მეტი იქნებოდა“ - მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ხვიჩას ყოფნის შემთხვევაში ინტერთან სხვაობა სამ ქულაზე მეტი იქნებოდა“ - მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა