დემბელემ ვარჯიში გამოტოვა | არსენალთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალს“ ხვდება. ამ გუნდების პირველი მატჩი ლონდონში გაიმართა და პარიზელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს. ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, რომელმაც შესაძლოა, საპასუხო თამაში გამოტოვოს.
„არსენალთან“ მატჩში, დემბელემ ტრავმა მიიღო და მყესი დაიზიანა. RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, ტრავმის გამო, უსმანმა დღევანდელი ვარჯიში გააცდინა და „მეთოფეებთან“ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ჰოუკინსის ცნობით, დემბელე გამოტოვებს 32-ე ტურის შეხვედრას, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენი“ „სტრასბურგის“ წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის, პარიზელებს არ სურთ, 27 წლის შემტევის დაზიანების სიმძიმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ და განცხადებას სწორედ ამიტომ არ აქვეყნებენ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, დემბელემ 45 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 33 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა და უსმანს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პსჟ-სა და „არსენალის“ საპასუხო შეხვედრა 7 მაისს გაიმართება.