„ამ ტრანსფერით სამივე მხარემ იხეირა“ - Mundo Deportivo კვარაზე
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. ჟურნალისტი ხავიერ ბოში აღნიშნავს, რომ კვარას ტრანსფერი გამართლებული აღმოჩნდა არა მხოლოდ მისთვის და პარიზული კლუბისთვის, არამედ „ნაპოლისთვისაც“.
რას წერს გამოცემა:
„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გაუშვა. ეს იანვრის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო და ახლა, სამი თვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით სამივე მხარემ იხეირა.
ქართველმა ფეხბურთელმა თავისი საუკეთესო ვერსია აღადგინა, პსჟ ტრებლისთვის იბრძვის, „ნაპოლიმ“ კი არა მხოლოდ დაიბრუნა მოწინავე პოზიციები სერია ა-ში, არამედ ასევე მოიშორა ფეხბურთელი, რომელიც გუნდში თავს საუკეთესოდ აღარ წარმოაჩენდა და კონტეს დანიშვნის შემდეგ ისეთი ბედნიერი აღარ ჩანდა.
ლუის ენრიკეს გუნდში 24 წლის კვარაცხელია შეტევის ხაზში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, უსმან დემბელესთან, ბრედლი ბარკოლასთან და დეზირე დუესთან ერთად. მარკო ასენსიოს ნაცვლად მოსულმა ფეხბურთელმა ენრიკეს გუნდს შეტევაში აზრი შესძინა. ის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, კარგად ჰყვება ტემპს და იცის, როდის უნდა წავიდეს დრიბლინგში, მისცეს პასი ან დაარტყას.
გასული წლის ზაფხულში, როდესაც „ბარსელონა“ რაფინიას გაყიდვას და ნიკო უილიამსის მოყვანას ცდილობდა, „კვარადონა“ კატალონიელთა მესამე არჩევანი იყო - მას ნიკოს გარდა, „ლივერპულის“ კოლუმბიელი გარემარბი ლუის დიასიც უსწრებდა.
მაშინ „ნაპოლის“ ხვიჩას გაყიდვა არ სურდა, „ბარსას“ კი მხოლოდ ერთი მსხვილი ტრანსფერის განხორციელება შეეძლო და კატალონიელებმა არჩევანი დანი ოლმოზე შეაჩერეს, რაფინია კი ფლიკის განკარგულებაში დარჩა, რაც ასევე იდეალური არჩევანი გამოდგა“.
ცნობისთვის, პარიზული კლუბის მაისურით ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე 20 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მომდევნო მატჩს კვარაცხელიას გუნდი ხვალ, „ნიცას“ წინააღმდეგ გამართავს - შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.