გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

მიქაუტაძის ასისტი და ზურიკოს რეალური შანსი - ქართველების დუელი დავითაშვილმა მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ქართული დუელი შედგა. ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რასაც თან პირველი ტაიმის მიწურულს მომხდარი ინციდენტიც უძღოდა. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მონეტა ისროლეს, რომელიც ფლანგის მსაჯს თავში მოხვდა და შედეგად, მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, დავითაშვილიც და მიქაუტაძეც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ზურიკო კი მთავარმა მწვრთნელმა დამატებული დროის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე შეცვალა.

ზურიკო დავითაშვილი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. მათ შორის ყველაზე რეალური და შეიძლება ითქვას 100%-ანიც 36-ე წუთზე იყო, როდესაც ზურიკო მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ სამწუხაროდ, არაზუსტად დაარტყა. თამაშის ბოლოს, ზურიკო დავითაშვილმა Sofascore-სგან 6.8-ქულიანი შეფასება მიიღო.

ზურიკოს ყველა მომენტი:

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ქართველ შემტევმა თავისი გუნდის გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა შეასრულა, რეალური საგოლე ეპიზოდი კი არ ჰქონია. მისი თამაში Sofascore-სგან 7.1 ქულით შეფასდა.

მიქაუტაძის ყველა მომენტი:

„სენტ-ეტიენის“ გამარჯვებაში მთავარი როლი სტასინმა ითამაშა, რომელმაც „ლიონის“ კარში მე-10 და 67-ე წუთებზე გატანილი გოლებით თამაში 2:0 წაიყვანა, სტუმრებიდან კი თავი 76-ე წუთზე ტესმანმა გამოიჩინა, მაგრამ „ლიონმა“ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

შედეგად, „სენტ-ეტიენმა“ სატურნირო ცხრილში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა და 27 ქულა დააგროვა. ამ მოცემულობით ზურიკოს გუნდი კვლავ გასავარდნ ზონაში, მე-17 პოზიციაზე იმყოფება და სამშვიდობო ზონას 3 ქულა აშორებს. „ლიონი“ კი 51 ქულით მე-6 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება, „ლიონი“ კი საკუთარ მოედანზე „რენს“ მიიღებს. ორივე მატჩი 26 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები