„ბევრი ვარიანტია, მაგრამ ილია VS ისლამი ყველაზე რეალური და მომგებიანია“ - ბისპინგმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა „მატადორის“ მომავალი მეტოქის ვარიანტები განიხილა. ვეტერანი მებრძოლის თქმით, დიდი ალბათობით, თოფურიას მომდევნო მეტოქე ისლამ მახაჩევი იქნება.
რას ამბობს ბისპინგი:
„რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ილია თოფურიას უამრავი ვარიანტი აქვს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ისლამ მახაჩევი მალე ვინმეს უნდა შეებრძოლოს და თოფურიაც ამ მდგომარეობაშია. ქამრისთვის ბრძოლა ჯასტინ გეიჯისაც სურს, მაგრამ ის ასე მალე ნამდვილად ვერ დაბრუნდება. ვფიქრობ, ის ბოლო ბრძოლის დროს გამომუშავებული ჰონორარითაც ბედნიერია და გარეთ ბედნიერი დადის“.
„რამდენიმე ვარიანტი არის რეალური, იმ ბიჭებიდან, რომლებიც ვახსენე, მგონია, რომ საქმეში მალე ჩაერთვებიან - ისლამი, არმან ცარუკიანი, ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინი - მაგრამ მე რომ მკითხოთ, რომელი ბრძოლის ჩანიშვნა უფრო რეალურია, ფსონს ისლამისა და ილიას ჩხუბზე დავდებდი“.
„ილიასთვის სხვა ვარიანტებიც განიხილება - არმანი, ჩარლზი... რა თქმა უნდა, ისინი ფენომენალური მებრძოლები არიან და ილია თოფურიას დამარცხების რეალური შანსი აქვთ. ამასთან, ილიაც განსაკუთრებულია, მაგრამ თუ რომელიმე მათგანთან წააგებს, მაშინ ეს ზიანს მარკეტინგულ გათვლებსაც მიაყენებს. მომავალში, ილია და ისლამი ერთმანეთს მაინც შეხვდებიან, მაგრამ იმ ბრძოლას ამჟამინდელი აფიშა აღარ ექნება. ილია ახლა ბრძოლას ხალხის თვალში მაინც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის რანგში შეხვდება, მის წინ კი მსუბუქი წონის ჩემპიონი იდგება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელებში პოსტი გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ მალე, გულშემატკივრები მის მომავალ ბრძოლაზე დიდ სიახლეს შეიტყობდნენ. მანამდე, თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.