რა, როგორ, რატომ, როდის? - ის, რაც უეფას "ერთა ლიგის" შესახებ უნდა ვიცოდეთ...
უეფას ერთა ლიგა ეროვნულ ნაკრებებს შორის ახალი ტურნირია. ის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გაიმართება და პირველი გათამაშება 2018-19 წლებში ჩატარდება.
ტურნირის მიზანია ნაკრებებს შორის უფრო მეტი მატჩი შედგეს და მათ წარმატების მეტი შანსი მიეცეთ.
ერთა ლიგაში მონაწილეობას უეფას 55-ვე წევრი ქვეყნის ნაკრები მიიღებს და ისინი 4 ლიგაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან. ამ გზით ერთმანეთს შედარებით თანაბარი ძალის გუნდები დაუპირისპირდებიან.
თითოეული ლიგა დაიყოფა 4 ჯგუფად, ჯგუფებში კი 3 ან 4 გუნდი იქნება.
გამარჯვებულები დაწინაურდებიან ერთი საფეხურით და აინაცვლებენ ზედა ლიგაში, ხოლო ბოლო ადგილოსნები შესაბამისი წესით დაქვეითდებიან.
2018-19 წლების გათამაშებისთვის, არსებული რეიტინგის გათვალისწინებით, ჯგუფებში ნაკრებები უკვე განაწილებულია.
A ლიგაში TOP გუნდები იასპარეზებენ, D ლიგაში კი შედარებით სუსტი ნაკრებები.
თუ რომელ ჯგუფებში გადანაწილდებიან გუნდები, ამას კენჭისყრა გაარკვევს.
ჯგუფური ეტაპის მონაწილეები გასვლა-სახლის პრინციპით ითამაშებენ. აღნიშნული სტადიის შეხვედრები 2018 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში გაიმართება.
ჯგუფების გამარჯვეულები ფინალურ ეტაპზე გადავლენ, რომელიც 2019 წლის ივნისში გაიმართება.
დასკვნითი ეტაპი მოიცავს 1/2 ფინალურ, მე-3 ადგილისა და ფინალურ შეხვედრებს.
თითოეული ლიგის ფინალში გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
თუკი ლიგის გამარჯვებულს, ევროპის ჩემპიონატის საგზური, საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად უკვე მოპოვებული ექნება, იგი ფინალში დამარცხებულ გუნდს გადაეცემა.