ბერნაბეუზე არაფერი გადაწყდება - მწვრთნელები მადრიდული დერბის წინ
ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი აიღებს სტარტს და ევროპის ოთხ ქალაქში, ბრიუგეში, დორტმუნდში, ეინდჰოვენსა და მადრიდში ერთმანეთზე საინტერესო მატჩები გაიმართება. თუმცა, ბუნებრივია განსაკუთრებულ ყურადღებას „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მორიგი დაპირისპირება იწვევს, რომლის პირველ რაუნდსაც „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს. თამაშამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე როგორც „ბლანკოსის“, ასევე როხიბლანკოს მთავარმა მწვრთნელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს.
კარლო ანჩელოტი
თანაბარი მატჩი იქნება, რის გამოც ვფიქრობ, რომ ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. არ შეიძლება იმაზე ფიქრიც კი, რომ ხვალ ისეთ უპირატესობას შევიქმნით, რომელიც „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გასამართ თამაშს ფორმალობად აქცევს. დერბი მუდამ განსაკუთრებულია, რომელიც დიდ ზეწოლასა და ემოციებს გულისხმობს. „ატლეტიკოსთან“ ბოლო თამაშში პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მეორეში კი კარგად, ახლა უნდა შევეცადოთ, რომ უმაღლეს დონეზე როგორც შესვენებამდე, ასევე მის შემდეგ ვიასპარეზოთ.
დიეგო სიმეონე
ისეთი ხასიათის თამაში გველის ისეთი კლასის მეტოქესთან, რომლის ბედსაც უმცირესი დეტალები გადაწყვეტს. ამიტომ, „რეალის“ წინააღმდეგ უდიდესი პატივისცემით ვართ განმსჭვალული და ვემზადებით ისე, როგორც არასდროს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი გუნდი დაამარცხა სამეფო კლუბმა გათამაშების წინა ეტაპზე, რადგან წინ ურთულესი 180 წუთი გველოდება, შეიძლება უფრო მეტიც და ვეცდებით, ჩვენი ერთგული გულშემატკივარი გავახაროთ.
ცნობისათვის, ყველა ტურნირზე აქამდე გამართული 238 მადრიდული დერბიდან 116 „რეალმა“ მოიგო, 59 – „ატლეტიკომ“, ხოლო 63 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის გამართულ მატჩებში თამაშების რაოდენობით რეკორდსმენი სერხიო რამოსი (43), ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კი კრიშტიანუ რონალდუა (22).