მეტოქის ფეხბურთელები მაიმუნებს შეადარა | მოურინიო რასისტულ სკანდალში გაეხვა
თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში მაყურებელმა სტამბოლის დერბი იხილა, რომელშიც ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „ფენერბაჰჩე“ „გალათასარაისთან“ მატჩში უგოლო ფრეს დასჯერდა.
მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა „გალათასარაის“ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის წევრების ქცევა დაგმო და ისინი მაიმუნებს შეადარა.
მოურინიო:
„მსაჯს მადლობა უნდა ვუთხრა - იმ სიტუაციაში, რომელზეც ვსაუბრობდი, სათადარიგოთა სკამზე „გალათასარაის“ წარმომადგენლები მაიმუნებივით დახტოდნენ. მსაჯი რომ თურქი ყოფილიყო, ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელი, იუსუფ აქჩიჩეკი ბარათს პირველ წუთზე მიიღებდა, მეხუთეზე კი მისი შეცვლა მომიწევდა“.
ამის შემდეგ „გალათასარაიმ“ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც მოურინიოს სიტყვები თურქი ხალხის შეურაცხყოფად შეაფასა.
„თურქეთში მუშაობის პირველივე დღიდან ჟოზე მოურინიო თურქი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა. დღეს ის ამორალურ კომენტარებს გასცდა და არაადამიანურ რიტორიკაზე გადავიდა. ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ მოვითხოვთ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ჟოზე მოურინიოს რასისტული გამონათქვამების გამო, ასევე გავაგზავნით ოფიციალურ საჩივრებს უეფასა და ფიფაში“ - აღნიშნულია „გალათასარაის“ განცხადებაში.