მერვე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | დურანტის 30 000 ქულა NBA-ში
კევინ დურანტისა და დევინ ბუკერის „ფინიქს სანსი“ ზედიზედ მეორე დამარცხდა და საპლეიოფო ზონიდან დაქვეითდა. გამთენიისას, არიზონელები საკუთარ კედლებში „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდნენ და 112:119 წააგეს.
„მემფისთან“ მატჩში, „კეიდიმ“ ბრწყინვალედ იასპარეზა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. დურანტმა შეხვედრა 34 ქულით დაასრულა და NBA-ის ისტორიაში მერვე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 30 000-ქულიან ნიშნულს მიაღწია. „კეიდიმ“ ლებრონ ჯეიმსის, კარიმ აბდულ-ჯაბარის, კარლ მელოუნის, კობი ბრაიანტის, მაიკლ ჯორდანის, დირკ ნოვიცკისა და უილტ ჩემბერლენის მიღწევა გაიმეორა.
30K POINTS FOR 35 ????
— NBA (@NBA) February 12, 2025
Kevin Durant becomes the 8th player in NBA history to reach 30,000 career points! pic.twitter.com/YsERU87rkx
საინტერესოა, რომ დურანტი მეორე კალათბურთელია, რომელსაც 30 000 ქულასთან ერთად, 2000 სამქულიანი აქვს ჩაგდებული. მის გარდა, იგივე სტატისტიკა მხოლოდ ლებრონს დაუფიქსირებია. „მემფისს“ რაც შეეხება, „გრიზლისის“ მხრიდან საუკეთესო ჯა მორანტი იყო - 26 ქულა, დესმონდ ბეინმა 20 ქულა დააგროვა, ჯარე ჯექსონ ჯუნიორმა - 17.
ცნობისთვის, „ფინიქსს“ 26 მოგება და 27 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 გახლავთ. „სანსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსსა“ და „საკრამენტო კინგსს“ 1 მოგებით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა „ჰიუსტონ როქეთსთან“ ელის.