„სიურპრიზი გელოდებათ, კოლბი მსოფლიოს გააოცებს“ - ვოლკანოვსკიმ თოფურიას მეტოქეზე ისაუბრა
რამდენიმე დღეში, ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს. 29 წლის მებრძოლის მეტოქე 25 წლის ავსტრალიელი კოლბი თიქნესი იქნება, რომელიც ალექსანდრ ვოლკანოვსკის გუნდის წევრი და ერთ-ერთი მთავარი სპარინგ-პარტნიორია.
მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით ვოლკანოვსკიმ ავსტრალიურ მედიასთან ისაუბრა და თავისი გუნდელი შეაქო.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
„კოლბი 16 წლიდან ჩემი სპარინგ-პარტნიორია. ის ყოველთვის მზად იყო, რომ ჩემთვის პარტნიორობა გაეწია მაშინაც კი, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდა. არ არსებობს არავინ, ვინც ამ ბიჭზე შრომისმოყვარე იქნება. ის ერთგულია და წარმოუდგენელი დისციპლინა და შრომისმოყვარეობა აქვს“.
„ის აქამდე მე მავარჯიშებდა, ახლა კი მისი UFC-ის ოქტაგონზე ხილვა წარმოუდგენელია. ყოველთვის ვიცოდი, რომ ამას მიაღწევდა. თანაც, მისი დებიუტი სიდნეიშია და ეს მოვლენა კიდევ უფრო განსაკუთრებულია“.
„ის ყოველთვის ფორმაშია. იმის მიუხედავად, რომ მან ეს ბრძოლა შემცვლელის სტატუსით მიიღო, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს გაოცებას შეძლებს. ის ამ სამუშაოსთვის შესაფერისი კაცია. მასზე ერთგული არავინაა. გარწმუნებთ, სიურპრიზი გელოდებათ“.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიასა და კოლბი თიქნესის ბრძოლა 9 თებერვალს, UFC 312-ზე ავსტრალიაში გაიმართება. ცნობისთვის, თავიდან თოფურიას მეტოქე კოდი ჰადონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ავსტრალიელი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.
საგულისხმოა, რომ ალექსანდრე თოფურიას კუთხეში თავისი ძმა, ილია თოფურია გაუწევს დახმარებას, კოლბი თიქნესის კუთხეში კი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იდგება. ვოლკანოვსკიმ თავისი ბოლო ბრძოლა გასული წლის თებერვალში, ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართა და მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა, რის შედეგადაც საჩემპიონო ქამარი დაკარგა.