„იუსუფა არა 2004, არამედ 2000 წელს დაიბადა“ - რას ამბობს მუკოკოს მამინაცვალი
„ნიცას“ ფეხბურთელის, იუსუფა მუკოკოს მამინაცვალი, ჯოზეფ მუკოკო აცხადებს, რომ გერმანელი ფორვარდი სინამდვილეში არა 2004 წელს, არამედ 2000 წელს არის დაბადებული.
ამის შესახებ აღნიშნულია წერილობით ჩვენებაში, რომელიც მოცემულია დოკუმენტურ ფილმში „ტყუილი და თაღლითობა - მილიონიანი ბიზნესი საფეხბურთო ტალანტებით“. წერილობით ჩვენებაზე წვდომა გერმანული Bild-ის ჟურნალისტებმა მოიპოვეს.
გარდა ამისა, ჯოზეფ მუკოკო, რომელიც აქამდე თავს ფეხბურთელის მამად ასაღებდა, ამბობს, რომ სინამდვილეში მისი ბიოლოგიური მამა არაა.
რას ამბობს ჯოზეფ მუკოკო:
„მესმის რა, რომ ყალბი ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, ვაცხადებ, რომ იუსუფა მუკოკო ჩემი და ჩემი მეუღლის, მარი მუკოკოს ბიოლოგიური შვილი არაა და ის არ დაბადებულა კამერუნის ქალაქ იაუნდეში 2004 წლის 20 ნოემბერს.
მე იაუნდეში მას ყალბი დაბადების მოწმობა გავუკეთე. ამის შემდეგ წავედი საელჩოში, ავიღე პასპორტი, იუსუფა კი, როგორც ჩემი შვილი, გერმანიაში წავიყვანე. სინამდვილეში იუსუფა 2000 წლის 19 ივლისს დაიბადა. ჩვენ მას ასაკი 4 წლით გადავუკეთეთ, ახლა მის საბუთებში დაბადების თარიღად 2004 წლის 20 ნოემბერია მითითებული“.
შეგახსენებთ, რომ იუსუფა მუკოკო „სანკტ-პაულის“ აკადემიაში თამაშობდა, 2016 წელს კი „დორტმუნდში“ გადავიდა, სადაც პირველ გუნდში დებიუტი 2021 წელს, 16 წლისა და 1 დღის ასაკში ჰქონდა და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.
მუკოკომ „დორტმუნდში“ 4 სეზონი გაატარა და 99 მატჩში 18 გოლი გაიტანა. მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანულმა კლუბმა ის „ნიცაში“ გაანათხოვრა, სადაც მუკოკოს ანგარიშზე 13 მატჩში 2 გოლია.