დეროუზანის ბენეფისი და წაქცეული "ბოსტონი" და "სან ანტონიო"
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, გამთენიისას მოკლე სათამაშო დღე იყო და მხოლოდ 5 შეხვედრა გაიმართა.
განსაკუთრებით საინტერესო მატჩები ნიუ იორკსა და კლივლენდში შედგა, ასევე გამოსარჩევი იყო "იუტას" მხრიდან "სან ანტონიოს" დამარცხება.
ფილადელფიაში, მისთვის კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა დამარ დეროუზანმა. "ტორონტოს" ლიდერმა 45 ქულა ჩააგდო და საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვების მიღწევაში, უდიდესი დახმარება გაუწია.
"ფილადელფიამ", ტრადიციულად, გუნდურად ითამაშა და 10 ქულიან ზღვარს მისმა 6-მა მოთამაშემ გადააბიჯა, რამაც გუნდს თამაშის მიმდინარეობისას 22 ქულიანი უპირატესობა მისცა, თუმცა დეროუზანისა და კაილ ლოურის წინამძღოლობით, "ტორონტომ" თამაში "დაქაჩა" და მორიგი რთული და ფასეული გამარჯვება ჩაიწერა - 109:114.
დეროუზანის ფონზე, მართლაც ცოტა დაიჩრდილა ლოური, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო, რასაც 9 მოხსნა და 4 ასისტიც მიაყოლა.
ლეგენდარულმა "მედისონ სქურ გარდენმა" კი დღის ცენტრალურ თამაშს უმასპინძლა, რომელშიც "ნიუ იუორკა" "ბოსტონს" დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.
ბოლო მეოთხედამდე თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებმა მოუმატეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერეს - 102:93.
გამარჯვებულთა მხრიდან მაიკლ ბისლი გამოირჩა, რომელიც სასტარტო ხუთეულში, ტრადიციულად, არ იყო, თუმცა სეზონის პირადი რეკორდის დამყარებაში, ამას ხელი არ შეუშლია - 32 ქულა, 12 მოხსნა და 1 ასისტი. იგივე რაოდენობის ქულები დააგროვა კაირი ირვინგმაც.
საინტერესო აფიშა იყო კლივლენდში, სადაც ზედიზედ 7 მატჩის მომოგები "ჩიკაგო" ჩავიდა.
"ხარებმა", ლებრონსა და კომპანიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ თამაშის მე-2 და მე-4 მეოთხედები ფრედ დასრულდა, ხოლო 1-ლი და მე-3 მეოთხედები "კლივლენდმა" შესაბამისად - 2 და 1 ქულის სხვაობით მოიგო, საბოლოოდ 115:112.
კლივლენდელებს, რა თქმა უნდა, "მეფე ლებრონმა" ულიდერა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 34 ქულა, 6 მოხსნა და 9 ასისტი. კარგი მატჩი ჩაატარა კევინ ლავმაც, რომლის აქტივშიც 27 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი იყო.
"ჩიკაგოს" რიგებში ყველაზე შედეგიანი, მისი ფინელი ლეგიონერი ლარი მარკანენი გახლდათ, რომელიც NBA-ში პირველ სეზონს ატარებს - 25 ქულა. ასევე საგულისხმოა დენზელ ვალენტაინის 18 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი.
"ჰიუსტონთან" წაგების შემდეგ, ზედიზედ 3 მოგება ჰქონდა "სან ანტონიოს", რომელიც გასვლაზე, მოულოდნელად, ზედიზედ 3 მატჩის წამგებ "იუტასთან" დამარცხდა.
კიდევ ერთი მატჩი "ფინიქსსა" და "მემფისს" შორის ჩატარდა. გუნდებმა დაბალკშედეგიანი დაპირისპირება შემოგვთავაზეს - "ფინიქსმა" 97:95 იმარჯვა.