„ახალი კვარაცხელია ინტერში“ - ნერიაძურის ზურიკოს დამატება სურს
იტალიის სერია A-ს გრანდში უახლოეს მომავალში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ. Interlive.it-ის ცნობით, მილანის „ინტერი“ შეტევის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას ზურიკო დავითაშვილით აპირებს, რომელსაც „სენტ ეტიენი“ 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს. 23 წლის ქართველ ფეხბურთელს იტალიელები როგორც უმაღლესი კლასის მოთამაშედ ისე მიიჩნევენ და მისი მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებენ.
რა წერია დავითაშვილზე
ის არის ფეხბურთელი, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია ასპარეზობა. ძირითადი ამპლუა მარჯვენა ვინგერობაა, მაგრამ თუ მწვრთნელები საჭიროდ თვლიან, როგორც ნახევარმცველად, ასევე მეორე ფორვარდად თამაშიც კარგად გამოსდის.
არის მატჩები, როდესაც თადარიგში რჩება, თუმცა შეცვლაზე შესული ყველას აფიქრებინებს, რომ მასზე იმედების დამყარება სრულიად შესაძლებელია. ორივე ფეხს თანაბარი წარმატებით იყენებს და ნერიაძური მისი დამატებით შეტევის ხაზს უთუოდ გააძლიერებს.
ყველას კარგად გემახოვრებათ, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს ყველასთვის უცნობი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამო როგორც აკრიტიკებდნენ, საბოლოოდ კი ქართველმა მოლოდინს გადააჭარბა და პირველივე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ზურიკო მისი ბავშვობის მეგობარია და შესაძლოა შავ-ლურჯებმა მისი სახით ახალი კვარაცხელია დაიმატონ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი გასულ ზაფხულს „სენტ ეტიენმა“ „ბორდოდან„ დაიმატა და ქართველმა „მწვანეებში“ ყველაზე კარგად გასულ პარასკევს ითამაშა, როდესაც საგოლე გადაცემა შეასრულა და ავტორიტეტული ფრანგული ვებ-გვერდის, „ეკიპის“ ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.