ოდიშარიასა და სილაგაძის „რიგასმა“ ევროპა ლიგაზე დვალის „აპოელი“ დაამარცხა
ევროპა ლიგის პლეიოფის პირველ რაუნდში ლატვიურმა „რიგასმა“, რომლის ღირსებასაც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე იცავენ, საკუთარ მოედანზე ლაშა დვალის კვიპროსის „აპოელი“ დაამარცხა.
ანგარიში 31-ე წუთზე სედრიკ კუადიომ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი მასპინძლებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს - პენალტი ზუსტად იანის იკაუნიექსმა შეასრულა. მეორე ტაიმში „აპოელის“ ფორვარდმა იუსეფ ელ-არაბიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ლატვიურმა გუნდმა შინ მაინც იმარჯვა და კვიპროსში მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.
ლაშა დვალმა „აპოელის“ დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა, ოდიშარია მოედანზე გოლის ავტორის, კუადიოს ნაცვლად 73-ე წუთზე შევიდა, სილაგაძე კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
საპასუხო მატჩი კვიპროსში 29 აგვისტოს გაიმართება.