ზურიკო დავითაშვილი, ვილი სანიოლი, ადელ ჩედლი
Aa
Aa

ჩედლი: „ზურიკოს სენტ ეტიენი მე და ვილიმ ვურჩიეთ“

საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან და დიდი ტრადიციების მქონე კლუბ „სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის კარიერა იმაზე უკეთ დაიწყო, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარი წარმოიდგენდა. „ვილიარეალთან“ საკონტროლო შეხვედრაში 23 წლის ქართველი შემტევის დებიუტი „მწვანეების“ შემადგენლობაში მეორე ტაიმში შედგა და მატჩი დუბლითა და საგოლე პასით დაასრულა. დავითაშვილის დებიუტსა და მის ახალ გუნდზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტმა, ადილ ჩედლიმ გააკეთა.

რა თქვა ჩედლიმ

არაფერი გამკვირვებია - მერწმუნეთ, ზურიკო უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც ჩემს ყოფილ გუნდს უდიდეს სარგებელს მოუტანს. მის მეორე გოლს კარგად დააკვირდით, ეს მისი სავიზიტო ბარათია და ასეთ მოძრაობებს ძალიან ბევრჯერ გააკეთებს.

მე და ვილი დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდით ზურიკოს რომ არჩევანი „სენტ ეტიენის“ სასარგებლოდ გაეკეთებინა, რადგან ეს არის არაჩვეულებრივი ქალაქი, კლუბს კი მთელ ქვეყანაში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს.

რამდენად დიდი ძალაა „მწვანეებისთვის“ შინაურ არენა „ჯოფრი ჟირარზე“ ქომაგები ამაზე თავად ზურიკო 20 აპრილს კარგად დარწმუნდა - მისი „ბორდო“ მაშინ დავითაშვილის საგოლე პასით გასული გოლით ბოლო წუთამდე იგებდა, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში, ქომაგების საოცარი მხარდაჭერის ფონზე, „ეტიენმა“ ორი ბურთი გაიტანა და გაიმარჯვა.

ადილ ჩედლი და ვილი სანიოლი 90-იანი წლების მეორე ნახევარში იცავდნენ „სენტ ეტიენის“ ღირსებას და ორივე მათგანისთვის ეს კარიერის პირველი კლუბი გახლდათ. დავითაშვილი და მისი თანაგუნდელები კიდევ სამ საკონტროლო მატჩს „გრენობლთან“, „ხეტაფესთან“ და „ჰოლშტეინ კილთან“ გამართავენ, საფრანგეთის ლიგა 1-ს კი 18 აგვისტოს სტუმრად „მონაკოსთან“ დაპირისპირებით დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები