"შახტარის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე ზოროს ფორმით წარსდგა
დონეცკის "შახტარის" პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა "მანჩესტერ სიტისთან" (2-1) მოგებული მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ზოროს ფორმაში გამოწყობილი წარსდგა.
"ჩემმა მოთამაშეებმა შესანიშნავად ითამაშეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ დაცვაში არ ჩავმჯდარვართ და ეს "სიტის" წინააღმდეგ იოლი სულაც არ გახლავთ. ისეთი გოლის გატანა როგორიც ბერნარდმა გაიტანა, მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ. შედეგითა და თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონცენტრაცია უნდა დავკარგოთ. წინ უფრო დიდი გამოწვევები გველის და წარმატებების მიღწევა კიდევ შეგვიძლია. ამისთვის კი თავდაუზოგავი შრომა გვჭირდება".
შეგახსენებთ, რომ ფონსეკამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყების წინ, ჟურნალისტების წინაშე საჯაროდ პირობა დადო, რომ პლეი-ოფში მოხვედრის შემთხვევაში პრესკონფერენციაზე ზოროს ფორმით წარსდგებოდა და მან დანაპირები შეასრულა.