10-წლიანი პაუზის შემდეგ - ზურიკო ბორდოს ისტორიაში შევიდა
საფრანგეთის ლიგა 2-ის გასული სეზონის მეორე წრე ზურიკო დავითაშვილმა იმდენად მაღალ დონეზე ჩაატარა, რომ ჟურნალისტები და სხვადასხვა ფრანგულ სპორტულ არხებზე ექსპერტებად მომუშავე ყოფილი ფეხბურთელები თამამად აცხადებდნენ, რომ 23 წლის ქართველი შემტევი მთელი წელი ასეთ ფორმაში რომ ყოფილიყო, „ბორდო“ ლიგა 1-ის საგზურს აუცილებლად მოიპოვებდა.
დავითაშვილმა სეზონი 8 გოლით დაასრულა და მასზე მეტი ბურთი თანაგუნდელებს შორის მხოლოდ სლოვენიელმა ზან ვიპოტნიკმა (10) გაიტანა. აი, საგოლე პასების რაოდენობით კი 8 ასისტის ავტორი ზურიკო საუკეთესო იყო, თანაც საუკეთესო არამხოლოდ ამ სეზონში, არამედ კლუბის ისტორიაში ბოლო ათი წლის განმავლობაში. ერთ სეზონში მასზე მეტი საგოლე გადაცემა „ბორდოს“ მოთამაშეებიდან ბოლოს 2014 წელს გრეგორი სერტიჩს (10) ჰქონდა შესრულებული, რომელიც ლიგა 1-ის საუკეთესო ასისტენტობისთვისაც იბრძოდა და საბოლოოდ ლიდერ ხამეს როდრიგესს, რომელიც მაშინ „მონაკოს“ ღირსებას იცავდა, მხოლოდ 2 პასით ჩამორჩა.
ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ზურიკო დავითაშვილის ლიგა 2-ში დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა „ბორდოს“ ხელმძღვანელები სრულიად ლოგიკურად არ იჩქარებენ და ევროპის ჩემპიონატის დამთავრებას დაელოდებიან, სადაც წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, მათი ქართველი ლიდერი სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება.