კილიან მბაპე
Aa
Aa

როგორ არწმუნებდნენ მბაპეს დარჩენაში -  ხელაიფთან კონფლიქტის დეტალები

კილიან მბაპემ რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს, თუმცა სად განაგრძობს კარიერას, ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია. პრინციპში, თქმაც საჭირო არ არის, რადგან უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ის უახლოეს მომავალში მადრიდის „რეალს“ შეუერთდება.

ფრანგულ სპორტულ პრესაში კი ახლახანს გასაჯაროვდა მბაპესა და კლუბის პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები. კატარელი მას არწმუნებდა, რომ პსჟ-ში დარჩენილიყო, რადგან „რეალი“ ჩემპიონთა ლიგიდან გასვლას და არაფრისმომცემ სუპერლიგაში აპირებდა თამაშს. გარდა ამისა, ხელაიფს მბაპესთვის მოჰყავდა ჯუდ ბელინგემისა და ჰარი კეინის მაგალითები, რომლებმაც მშობლიური გუნდები დატოვეს, მაგრამ საკუთარი ტრანსფერებით კლუბებს უდიდესი ფინანსური სარგებელი მოუტანეს და შესაბამისად, მასაც ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებისკენ მოუწოდებდა, რაზეც მბაპემ კატეგორიული უარი განაცხადა. მომხდარით გაღიზიანებულმა პსჟ-ს მეპატრონემ მარტში ლუის ენრიკესგან კილიანის იგნორირება და მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა მოითხოვა, რისი გაკეთებისგანაც ესპანელმა მწვრთნელმა თავი შორს დაიჭირა.

რამდენიმე დღეში მბაპე საფრანგეთის ნაკრებს შეუერთდება, რომლის კაპიტანიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ის იქნება. ვარაუდობენ, რომ „რეალში“ ტრანსფერის შესახებ 25 წლის ფრანგი ფორვარდი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რადგან ნათქვამი აქვს, რომ მისი საკლუბო მომავლის თაობაზე გულშემატკივრები EURO 2024-ის დაწყებამდე შეიტყობენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება“ | სიომინი კვარაზე
„პარი სენ-ჟერმენის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება“ | სიომინი კვარაზე