ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

„ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოსთან გველოდება“ | ვინჩენცო მონტელა ევრო 2024-ზე

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ ტურნირზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი პირველ ტურში, საქართველოსთან ელოდება.

„ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგური შეხვედრები გველის და შევარჩიეთ მეტოქეები, რომლებიც, ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენი მოწინააღმდეგე ნაკრებების დონის გუნდები არიან. პოლონეთთან და იტალიასთან გასამართი მატჩები კარგი გამოცდა იქნება და მომზადების კუთხით, ძალიან დაგვეხმარება.

ევროპის ჩემპიონატი ისეთი დონის ტურნირია, ყველა მეტოქე სათანადოდ უნდა დააფასო. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მაქსიმალურად მზად იყვნენ, რათა სათანადო კონკურენციის გაწევა შეძლონ.

ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდებს ერთმანეთისგან განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ასევე, ყველაზე რთული მატჩი პირველი შეხვედრა იქნება, რომელიც საქართველოსთან გველოდება. საქართველო კომპაქტური გუნდია, რომელიც ჩემს პატივისცემას იმსახურებს. მართალია, ფიფა-ს რეიტინგში ჩვენზე დაბლა არიან, მაგრამ სტატისტიკა არაა ის დეტალი, რომელიც მოგვაგებინებს.

იგივე ეხება პორტუგალიას, რომელსაც ჩემი აზრით, ბრწყინვალე გუნდი ჰყავს. ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე სტატისტიკა და რეიტინგი. სამი ფინალი გველოდება და თითოეულ მატჩს სათანადო განწყობით უნდა შევხვდეთ. ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, შემდეგ კი სხვა ბრძოლა იწყება. სწორედ ამიტომ, ყველა ეტაპს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. როგორც აღვნიშნე, პრიორიტეტი პლეიოფში გასვლაა, შემდეგ კი სხვა ოცნებები გვექნება და ყველაფერი შესაძლებელი გახდება. ერთიანობა, რწმენა, თანაგუნდელების ნდობა და მნიშვნელოვან მომენტებში სიმშვიდის შენარჩუნება არის ფაქტორები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი პირველ თამაშში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში
ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში