„შოუმენია“ | ილიამ კონორზე, ომალისა და მახაჩევზე ისაუბრა
ილია თოფურიამ Sportskeeda-ს ინტერვიუ მისცა. UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორზე, ისლამ მახაჩევზე და შონ ომალიზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ ირლანდიელ მებრძოლთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა და „შუგას“ შოუმენი უწოდა.
„ისლამ მახაჩევთან ბრძოლა? შეიძლება, მომავალში ვიჩხუბოთ. თუ საჩემპიონო ქამრის დაცვა განაგრძო და უფრო და უფრო დიდი ვარსკვლავი გახდა, შეიძლება, ერთ დღეს ვიჩხუბოთ, მაგრამ ამ მომენტისთვის, ჩემს სიაში არ იმყოფება.
შონ ომალი? ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ბრწყინვალე სამუშაო გასწია და MMA-ში უფრო და უფრო დიდი სტატუსის მქონე მებრძოლი ხდება. აშშ-ში ნამდვილი ვარსკვლავია. ომალის ჩხუბის სტილი და მოძრაობები მომწონს, მაგრამ შოუმენია.
იმედი მაქვს, ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დავიცავ და შემდეგ კონორ მაკგრეგორთან ვიჩხუბებ. თუ კონორი მაიკლ ჩენდლერს დაამარცხებს, მასთან ბრძოლის ჩანიშვნას შევეცდები. ჩემი და მაკგრეგორის ჩხუბი MMA-ის ისტორიაში უდიდესი დაპირისპირება იქნება. ყველაზე მეტ pay-per-view-ს გავყიდით და ა.შ. ჩვენს ჩხუბს 80 000 ადამიანი დაესწრება და ღონისძიებას სანტიაგო ბერნაბეუ უმასპინძლებს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას მომდევნო მეტოქის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრა დიდი ალბათობით, ილია მაქს ჰოლოუეისთან იჩხუბებს, რომელმაც ბოლო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯი დააფინიშა.