კონტრაქტი თავად გააფორმა, სათამაშოდ ტყუპისცალი გაგზავნა | სიგიჟე რუმინეთში
Aa
Aa

კონტრაქტი თავად გააფორმა, სათამაშოდ ტყუპისცალი გაგზავნა | სიგიჟე რუმინეთში

რუმინულ ფეხბურთში უცნაური სკანდალი აგორდა, რომლის მონაწილეც „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე, ედგარ ლე გახლავთ. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელს ბრალს თაღლითობაში სდებენ და არის ვარაუდი, რომ „დინამო ბუქარესტის“ მაისურით მის ნაცვლად, მისი ტყუპისცალი თამაშობდა.

რუმინულმა კლუბმა ედგარ ლე თებერვალში გაიფორმა, მაგრამ როგორც ჩანს, მის ნაცვლად ბუქარესტში მისი ძმა, ედელინო ჩავიდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, დანიელ სენდრეს ცნობით, „დინამოში“ გაკვირვებული დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ ესპანეთში, საფრანგეთში, თურქეთსა და ნიდერლანდებში ნამყოფი ედგარ ლე ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა ინგლისური იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პორტუგალიურად შეეძლო საუბარი.

რუმინელი ჟურნალისტის, ემანუელ როსუს ინფორმაციით, კლუბმა ედგარ ლეს მართვის მოწმობის ჩვენება მოსთხოვა, რაზეც ფეხბურთელმა კატეგორიული უარი განაცხადა. კლუბისგან ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ედგარ ლემ (ან მისმა ტყუპისცალმა) მონაწილეობა 5 შეხვედრაში მიიღო.

როგორც ირკვევა, თუ დადასტურდა, რომ თაღლითობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, „დინამო ბუქარესტს“ 8 ქულა დააკლდება, რომლებიც აღნიშნულ 5 მატჩში მოიპოვა. ამასთან, ადგილი ექნება დამატებით სასჯელს. უბრალოდ, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ასეთ პრობლემასთან დაკავშირებით, წინასწარ არანაირი სანქცია არ ჰქონდა დადგენილი.

ცნობისთვის, ედგარ ლე 1994 წლის 1-ელ მაისს დაიბადა და 2014 წელს, „ბარსელონას“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 2015 წელს, მან „ბლაუგრანა“ დატოვა და სხვადასხვა დროს „ლილში“, „ნანტში“, „ტრაბზონსპორში“, „ფეიენოორდსა“ და „ბაშაქშეჰირში“ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ისტორიული შედეგი | რა ითქვა მატჩის შემდეგ?
მიქაუტაძის ისტორიული შედეგი | რა ითქვა მატჩის შემდეგ?