ტაირიზ ჰალიბერტონი, ჯეილენ ბრანსონი, ჯოშ ჰარტი, დონტე დივინჩენცო
Aa
Aa

NBA-ს პლეი ოფი - ნიქსი სერიაში 2:0 დაწინაურდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მეორე რაუნდის მეორე მატჩში „ნიუ იორკ ნიქსმა“ „ინდიანა პეისერსი“ 130:121 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. 130 ქულიდან 76 ნიუ იორკის კლუბის შემადგენლობაში სამი კალათბურთელის, ჯეილენ ბრანსონის, დონტე დივინჩენცოსა და ჯოშ ჰარტის ანგარიშზეა, „პეისერსის“ რიგებში კი ყველაზე შედეგიანი ტაირიზ ჰალიბერტონი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრანსონს ტრავმის გამო მთლიანი მეოთხე მეოთხედის გამოტოვება მოუწია, მან 29 ქულის, 5 შედეგიანი გადაცემისა და 3 ჩაჭრის დაგროვება მაინც მოასწრო. მისი თვრამეტი ორქულიანიდან თერთმეტი ზუსტი გამოდგა, ექვსიდან ოთხი საჯარიმო გამოიყენა და პერიმეტრიდან ორმცდაათპროცენტიანი სიზუსტით ისროლა. ბრანსონზე ერთით ნაკლები, 28 ქულა დააგროვა დივინჩენცომ და გარდა ამისა, თანაგუნდელებს 6 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემითაც დაეხმარა. რაც შეეხება ჰარტს, 19 ქულით, 15 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით, შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა და NBA-ს ერთ-ერთი რეკორდის თანაავტორი გახდა. ის პატრიკ იუნგთან ერთად ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პლეი ოფის რვა მატჩში 102 მოხსნა დააგროვა.

„ინდიანამ“ ნიუ-იორკელებს პრობლემები მხოლოდ მეორე მეოთხედში შეუქმნა და ათქულიანი სხვაობით დაამარცხა. როგორც მოგახსენეთ, გოგა ბითაძის ყოფილი გუნდის რიგებში გამორჩეული ტაირიზ ჰალიბერტონი იყო, რომლის ანგარიშზეც 34 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გახლდათ და ორმაგი დუბლის შესრულებამდე მხოლოდ ერთი პასი დააკლდა. გუნდებს შორის სერიის მომდევნო ორი თამაში 11 და 12 მაისს უკვე ინდიანაპოლისში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA-ის პლეიოფები | ბოსტონმა და ოკლაჰომამ მეორე რაუნდი გამარჯვებით დაიწყეს
NBA-ის პლეიოფები | ბოსტონმა და ოკლაჰომამ მეორე რაუნდი გამარჯვებით დაიწყეს