ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ქართულად 30 სიტყვა ვიცი“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ RMC Sport-თან

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა RMC Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ჯვაროსნების“ თავკაცმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

რატომ გადაწყვიტა საქართველოს ნაკრების ჩაბარება

„კორონავირუსის შემდგომი პერიოდი იყო და რაღაც განსხვავებულის გაკეთება მინდოდა. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელზეც საფრანგეთში ნაკლებად ცნობილმა მწვრთნელებმა გავლენა მოახდინეს. მაგალითად, ბრუნო მეტსუ შემიძლია მოვიყვანო. ის იმ ადგილებში იყო ნამყოფი, სადაც წასვლაზეც არ ვფიქრობთ ხოლმე და საკუთარ ისტორიებს ყოველთვის ბედნიერი ჰყვებოდა. საქართველოზე ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი, რატომაც არა-მეთქი?!“

საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ისინი წარმატებას ტალანტის უქონლობის გამო კი არა, დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ აღწევდნენ. ეს სერიოზული გამოწვევაა და ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზის, რის გამოც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩემთან გადაწყვიტა მუშაობა, სწორედ ეს გახლავთ. უფრო კონკრეტულად, ჩემი წარსულის გამო“.

ცხოვრობს თუ არა საქართველოში

„საქართველოს ნაკრებში ერთიანი ჯგუფი შევქმენით და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ სამუშაოთი, რომელიც ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა და ფედერაციამ გასწიეს. ვცხოვრობ თუ არა საქართველოში? წელიწადის 7 თვეს საქართველოში ვატარებ. ჩემი აზრით, ეს საკითხი პატივისცემის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია. ქომაგებისა და ფეხბურთელების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებ თუ საკუთარი დროის დიდ ნაწილს მათ ქვეყანაში არ ატარებ“.

იცის თუ არა ქართული ენა

„ქართულად დაახლოებით 30 სიტყვა ვიცი, მაგრამ წინადადებას ვერ ვაწყობ“.

ევრო 2024 და სამომავლო გეგმები

„საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი მაკავშირებს და მხოლოდ მე ვერ გადავწყვეტ, რა უნდა მოხდეს. ამ მომენტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატი და ჩვენი თავის საუკეთესოდ წარმოჩენაა. გერმანიაში ტურისტებად არ ჩავდივართ და არ ვიქნებით ნაკრები, რომელიც იქაურობის დათვალიერება უნდა. მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის 15 თებერვალს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, ეროვნულმა გუნდმა 33 შეხვედრა გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპის ჩემპიონატი ელოდება, მასზე პირადად ვზრუნავთ“ - კლევერლი ჩაკვეტაძეზე
„ევროპის ჩემპიონატი ელოდება, მასზე პირადად ვზრუნავთ“ - კლევერლი ჩაკვეტაძეზე