გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცში დაბრუნებული მეფე გიორგი | The Guardian-ის სტატია მიქაუტაძეზე

გიორგი მიქაუტაძე საოცარ ფორმაში იმყოფება და მის ბოლოდროინდელ ასპარეზობას The Guardian-იც გამოეხმაურა. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ ქართველ ფეხბურთელს ვრცელი სტატია მიუძღვნა და აი, რას წერს The Guardian-ი:

„საფრანგეთის ლიგა 1 18-გუნდიანი ფორმატით პირველ სეზონს ატარებს და ჩემპიონატის დაწყებამდე, შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ზოგიერთ კლუბს უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა. თეორიულად, მონაწილეთა რაოდენობის შემცირება ჩემპიონატის დონისა და სტანდარტების გაზრდას განაპირობებს, თუმცა, არის ალბათობა, რომ მაინც გამოჩნდნენ კლუბები, რომლებსაც ხარისხი აკლიათ.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონი ამ მოსაზრებას ადასტურებს, მაგრამ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების უმრავლესობას მაინც ჰყავს ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლიდერის როლის მორგება და არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია. ლე ავრს შეგვიძლია გამონაკლისი ვუწოდოთ, მაგრამ გუნდის თავკაცი, ლუკა ელსნერი ამ ფუნქციებს ითავსებს და მოთამაშეებს მოტივაციას აძლევს. სხვებს რაც შეეხებათ, ნანტს მოზეს საიმონი ჰყავს, მონპელიეს - ტეჟი სავანიე, ტულუზას - ტეის დალინგა.

კლერმონსაც კი ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელი - მორი დიავი, რომელიც მეკარის პოზიციაზე თამაშობს და მაღალი დონე ბევრ შეხვედრაში აჩვენა. ლორიანი ზამთარში მისულმა მოჰამედ ბამბამ გააძლიერა და ახალი გუნდის მაისურით 6 გოლის გატანა მოასწრო. განსაკუთრებული მოთამაშე ყველგან იყო და ერთადერთი გამონაკლისი მეცი გახლდათ. 23 ტურის შემდეგ, მეცსა და კლერმონს ერთნაირი ქულები ჰქონდათ და ბოლო და ბოლოსწინა პოზიციებს იყოფდნენ, მე-16 ადგილზე მყოფი ლორიანი კი მათ 5 ქულით უსწრებდა.

მეცი ტოვებდა არასტაბილური გუნდის შთაბეჭდილებას, რომელიც ლიგა 2-სკენ მიემართებოდა და მისი გულშემატკივრებიც კი ვერ იფიქრებდნენ, რომ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება ვითარებას ასე შეცვლიდა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პირველ ორ ტურში, ორი გოლი გაიტანა და მეცმა მარსელთან საოცარ ფრესაც მიაღწია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, გიორგი აიაქსმა შეიძინა და მეცი ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, გუნდის საკვანძო მოთამაშისა და კრეატივის გარეშე დარჩა.

მართალია, მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, მაგრამ ერედივიზიეში რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო. აიაქსის სეზონი კოშმარებით გახლდათ აღსავსე და გიორგიში გადახდილი 16 მილიონი ევროს მიუხედავად, ამსტერდამულ კლუბში იგი მივიწყებული ფეხბურთელი იყო.

„ამსტერდამში ყოფნისას ორ თვეზე მეტი სასტუმროს ოთახში მარტო ვიყავი, ამან ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. კლუბმა ბინის მოძებნაში დახმარება არ გამიწია, ეს ჩემით გავაკეთე. ნიდერლანდურ ენას არ ვფლობ, ამსტერდამშიც არავის ვიცნობდი, წინსვლისთვის პირობები არ მქონია. წარმატებას, რომ მიაღწიო, საამისოდ ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება, რომ პატივისცემა იგრძნოს. მე ეს არ მიგრძნია, თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი. აიაქსში საერთოდ დამივიწყეს. იჯარით წამოვედი და მათგან ჯერაც არაფერი მსმენია“, - განაცხადა მიქაუტაძემ ამსტერდამულ კლუბზე საუბრისას.

იანვარში, გიორგი იჯარის წესით მეცს შეუერთდა და უმაღლეს დონეს დაუბრუნდა. მისი რეინტეგრაცია მარტივი არ ყოფილა და პირველ ორ შეხვედრაში არაფერი გამოუვიდა, თუმცა, ნელ-ნელა სათამაშო ფორმის პოვნა დაიწყო, რის წყალობითაც, მეცი ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ კლუბებს შორის ხელახლა მოხვდა.

მიქაუტაძემ გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი ლიონს გაუტანა, რასაც დასარჩენად მებრძოლ კლერმონთან და ნანტთან მოგებულ შეხვედრებში შეგდებული თითო-თითო ბურთი დაუმატა. ქართველმა თავდამსხმელმა ნამდვილი ფრენა სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყო. ბოლო 4 შეხვედრაში მისმა გუნდმა 8 გოლი გაიტანა, რომელთაგან 5 გიორგის ანგარიშზეა. დაცვაში არსებული პრობლემების გამო, მეცმა ამ 4 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო, მაგრამ ბოლო 8 მატჩში 4 გამარჯვება აქვს, რაც გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევაში დაეხმარა. ბოლო წარმატებას მეცმა კვირას მიაღწია და ერთ-ერთი კონკურენტი, ლე ავრი სტუმრად დაამარცხა, შეხვედრის ერთადერთი გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

აშკარაა, რომ მიქაუტაძეს, ვისაც ქომაგებმა მეტსახელად „მეფე გიორგი“ შეარქვეს, გუნდში აფასებენ და ის ყველაფერს აკეთებს, რათა მეცს ნდობისთვის მადლობა მინდორზე გადაუხადოს. მეცს ურთულესი ფინიში ელოდება და ჯერ ევროტურნირებისთვის მებრძოლ ლილსა და რენს შეხვდება, შემდეგ სტრასბურთან გასამართი დერბი ელის, ბოლო ტურში კი პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. რთული კალენდრის მიუხედავად, მოტივირებულ მიქაუტაძესთან ერთად, ადგილის შენარჩუნება შორეული პერსპექტივა ნამდვილად არაა“, - წერს The Guardian-ი.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის „მეცს“ 29 ქულა აქვს და „ლე ავრს" 1 ქულით, ხოლო „ლორიანს" 3 ქულით უსწრებს. „კლერმონი" 22 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრძოლა ძალიან მინდა, მაგრამ ერთი პრობლემაა...“ - ომალი მერაბთან ჩხუბზე
„ბრძოლა ძალიან მინდა, მაგრამ ერთი პრობლემაა...“ - ომალი მერაბთან ჩხუბზე