ესპანურ-ინგლისური გაცვლა - იოზილი "ბარსელონას" უახლოვდება!
Daily Star-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მესუთ იოზილი „არსენალს“ დატოვებს და დიდი შანსია, რომ გერმანელმა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.
წყაროს მტკიცებით, კატალონიელებმა ლონდონელებს 20 მილიონი ევრო და ანდრე გომეში შესთავაზეს, რაზეც დიდი შანსია, რომ „მეთოფეებმა“ თანხმობა განაცხადონ.
როგორ მოგეხსენებათ, იოზილს კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე კი მან უარი განაცხადა. ასეთ ვითარებაში, „არსენალს“ აწყობს, რომ გერმანელი ფეხბურთელი იანვარშივე გაყიდოს, რომ მისგან რაიმე სარგებელი ნახოს.
რაც შეეხება გომეშს, „ბარსელონაში“ მისმა ტრანსფერმა არ გაამართლა და პორტუგალიელს არც ერნესტო ვალვერდე ენდობა.
არსებული გარემეობებიდან გამომდინარე „ბარსელონასა“ და „არსენალს“ შორის შეთანხმების მიღწევის ალბათობა საკმაოდ დიდია.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი შემტევით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდა. კერძოდ, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ჟოზე მოურინიო იჩენდა, რომელსაც სეზონის დასრულების შემდეგ, მისი ხელში ჩაგდება უფასოდ სურდა, თუმცა "განსაკუთრებულის" განსაკუთრებული გეგმა ჩაიშალა.