ლევერკუზენი, ჩაბი ალონსო, ფლორიან ვირცი
Aa
Aa

ლევერკუზენის ნანატრი ჩემპიონობა - ალონსოს გუნდის ყველა დროის რეკორდი

კლუბის 120-წლიან ისტორიაში ხუთი ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ, „ლევერკუზენმა“ ნავსი გატეხა და გერმანიის ჩემპიონატის ოქროს მედლები პირველად მოიგო. ბუნდესლიგის 29-ე ტურში „ბაიერმა“ საკუთარ სტადიონზე „ვერდერი“ 5-0 დაამარცხა და პირველობის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, მეორე-მესამე პოზიციაზე მყოფ კონკურენტებთან, „ბაიერნთან“ და “შტუტგარტთან“ ქულათა სხვაობა 16-მდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი მდევრებისთვის უკვე მიუღწეველია. ბრემენელთა კარში თითო ბურთი, 25-ე და მე-60 წუთზე ვიქტორ ბონიფაციმ და გრანიტ ჯაკამ გაიტანეს, ჰეთ-თრიკი კი ფლორიან ვირცის ანგარიშზეა, რომელმაც თავი 68-ე, 83-ე და 90-ე წუთებზე გამოიჩინა.

ესპანელი მთავარი მწვრთნელის ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით „ლევერკუზენს“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 43-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. აქამდე ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენი „იუვენტუსი“ იყო, რომელმაც 2011-2012 წლებში წაუგებლად 42 მატჩი განვლო, თუმცა „ფარმაცევტებმა“ დღევანდელი გამარჯვებით ტურინელთა რეკორდი დაამხეს.

ლევერკუზენის ფანების რეაქცია:

„ლევერკუზენი“ ისტორიის მანძილზე ბევრი პრესტიჟული ტურნირის მოგებასთან იყო ძალიან ახლოს, თუმცა კლუბს საბოლოო წარმატებამდე მუდამ რაღაც აკლდებოდა. „ბაიერს“ აქამდე ბუნდესლიგის ვერცხლის მედლები 5-ჯერ (1997, 1999, 2000, 2002, 2011), გერმანიის თასის 3-ჯერ (2002, 2009, 2020), ჩემპიონთა ლიგის კი ერთხელ (2002) ქონდა მოგებული. ტიტული მოპოვებული კი მხოლოდ ორჯერ - 1993 წელს ქვეყნის თასი მოიგეს, 1988 წელს კი უეფას თასი.

გერმანიის ჩემპიონატის დარჩენილ ხუთ ტურში ლევერკუზენელები სტუმრად „დორტმუნდს“, „აინტრახტსა“ და „ბოხუმს“, საკუთარ სტადიონზე კი „შტუტგარტსა“ და “აუგსბურგს“ შეხვდებიან. იმ შემთხვევაში თუ „ბაიერმა“ არც ერთი თამაში არ წააგო, ლონდონის „არსენალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ შემდეგ გახდება ისტორიაში მესამე კლუბი ევროპის ტოპ 5 ლიგაში, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატს წაუგებლად დაასრულებს - „მეთოფეებმა“ ამის გაკეთება 2003-2004 წლების სეზონში შეძლეს, „იუვენტუსმა“ კი 2011-2012 წლებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ალონსოს და ბაიერნს შორის მოლაპარაკება არ არსებობს
BILD: ალონსოს და ბაიერნს შორის მოლაპარაკება არ არსებობს