სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ვემბანიამასთან ერთად ქართულ რესტორანში ვიყავი“ | რა თქვა მამუმ მატჩის შემდეგ

სანდრო მამუკელაშვილმა „მემფის გრიზლისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, „სან ანტონიო სპურსის“ კომენტატორებს, შონ ელიოტსა და ბილ ლენდს ინტერვიუ მისცა. „მამუმ“ ბევრ თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიქტორ ვემბანიამასთან ერთად, ნიუ იორკში მდებარე ქართულ რესტორანში იმყოფებოდა.

„მიმდინარე რეგულარულში მემფისთან რთული შეხვედრები გვქონდა. განსაკუთრებით მარტში, როცა დავმარცხდით. ვიცოდით, რომ მარტივი თამაში არც ახლა გვექნებოდა და მატჩის პირველ წუთებში, მეტოქე აგრესიულ სტილში თამაშობდა. შესვენებაზე კორექტივების შეტანა მოგვიწია და მეორე ტაიმში პარკეტზე მომზადებული გავედით. მათზე მეტად გვინდოდა, რომ მოგვეგო და მიზანს მივაღწიეთ კიდეც.

სად ვისწავლე, რომ ყოველთვის უნდა ვიმოძრაო და ხელსაყრელი პოზიციები ვეძებო? ჩემი აზრით, ეს ევროპული საკალათბურთო სკოლის დამსახურებაა. თუ ერთ ადგილას დარჩები, შენს მეურვეს საშუალება ექნება, თანაგუნდელს დაეხმაროს. მატჩებისას არის მომენტები, როცა უნდა ეძებო პოზიციები, საიდანაც მარტივ ქულებს აიღებ. ვიცი, რომ იზოლაციაში დასატოვებლად საუკეთესო კალათბურთელი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, აქტიური ვიყო, შეტევაში ბურთები მოვხსნა და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

კავშირი ჩემსა და ვიქტორ ვემბანიამას შორის? პარკეტს მიღმა ახლო მეგობრები ვართ. ვცდილობთ, ყოველთვის ერთად ვისადილოთ და ვიქტორი ნიუ იორკში მდებარე ქართულ რესტორანშიც წამომყვა, რაც ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ძალიან დაგვეხმარა. ორივე ევროპელები ვართ და ორივეს გვინდა, პარკეტზე ბევრი ვიმოძრაოთ. არის მომენტები, როცა მის თვალებში ვკითხულობ, რა უნდა, რომ გავაკეთო. ის დაუჯერებელი კალათბურთელია და მის გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა”.

ცნობისთვის, „სან ანტონიომ“ „მემფისს“ 102:87 მოუგო, მამუკელაშვილმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. სანდრო ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და 11 ქულა, 16 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა. ვემბანიამას რაც შეეხება, ის „სპურსის“ ახალბედაა, რომელიც მიმდინარე სეზონში საშუალოდ 21.3 ქულას, 10.7 მოხსნას, 3.8 შედეგიან გადაცემას, 1.3 ჩაჭრასა და 3.6 დაფარებას აგროვებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს მაგარი თამაში მემფისთან
კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს მაგარი თამაში მემფისთან