საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ფიჯის მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ფიჯისთან ბათუმში! - ბორჯღალოსნებმა მესამე ტესტ-მატჩი დაგეგმეს

2024 წელი ქართული რაგბის ქომაგებისთვის „ზედმეტად ცხელი“ იქნება. ბორჯღალოსნებს ერთი მეორეს მიყოლებით სამი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით – აქედან ერთი საქართველოში!

უკვე ვწერდით, რომ 13 და 20 ივლისს ტიერ 1-ის გუნდებს – იაპონიას და ავსტრალიას სტუმრად ვერკინებით. 13 ივლისს საქართველო იაპონიაში, სენდეიში „საკურებს“ ეთამაშება, ერთი კვირის თავზე კი სიდნეიში „ვოლაბებს“ დაუპირისპირდება (პირველად მსოფლიო თასს მიღმა).

ტურნეზე გამგზავრებამდე, 12-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ფიჯი მეორედ ჩამოვა. 5 ივლისს მას ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ ვუმასპინძლებთ და გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე, ბორჯღალოსნები „მფრინავებთან“ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

აქამდე ფიჯისთან 7-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით კუნძულელებს დადებითი ბალანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ 7 მატჩიდან 4 ნეიტრალურ მიედანზე გაიმართა, ორი ფიჯიზე და მხოლოდ ერთი საქართველოში, თბილისში. ეს 2012 წელს მოხდა. მაშინ ფიჯის ისტორიაში პირველად დავუპირისპირდით და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ „მიხეილ მესხზე“ 24:19 იმარჯვა.

2016 და 2018 წლებში ფიჯის ორჯერ ვეწვიეთ. პირველ შემთხვევაში საქართველომ სრულფასოვანი რევანში აიღო, მეტოქეს ლელო არ გაატანინა და „მფრინავები“ 14:3 დაამარცხა. ორი წლის შემდეგ კუნძულელები სუვაში უკეთ გამოიყურებოდნენ და 37:15 გაიმარჯვეს.

მომდევნო ოთხი თამაში ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართა და მათგან ორი მსოფლიო თასის ეგიდით შედგა. 2019 წელს, იაპონიაში, კუნძულელებმა ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით, 45:10 გაიმარჯვეს. 2020 წელს, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, ფიჯის შემოდგომის ერთა თასზე ედინბურგში შოტლანდიაში შევხვდით და უპირატესობა კვლავ მეტოქის მხარეს იყო – 38:24.

ერთი წლის თავზე ფიჯისთან ტესტ-მატჩს ესპანეთმა, არანხუესმა უმასპინძლა და ამჯერად გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მართალია მეტოქეს ლელო ვერ გავუტანეთ, თუმცა გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა – 15:15.

2023 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრას ბორდომ (საფრანგეთი) უმასპინძლა. ლელო ვერც ამჯერად გავიტანეთ. მოვიგეთ პირველი ტაიმი და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მცირედი სხვაობისთვის მხოლოდ ნუგეშ-ქულას დავჯერდით – 12:17. თამაში იმდენად დაძაბული და დამღლელი აღმოჩნდა, რომ ფიჯელ მორაგბეებს გამარჯვების აღსანიშნავად ენერგია აღარ შერჩათ და დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო მედია ამ ფაქტზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა.

მთლიანობაში, ფიჯი დავამარცხეთ მხოლოდ ერთხელ, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, 5 შემთხვევაში კი მეტოქემ იმძლავრა. გავიტანეთ 8 ლელო და 109 ქულა, თავად კი 25 ლელო და 179 ქულა მივიღეთ.

აღსანიშნავია, რომ „ბათუმი არენაზე“ ბორჯღალოსნები ისტორიაში მეორედ ითამაშებენ. პირველად 2022 წლის ზაფხულში იტალიას ვუმასპინძლეთ და ტიერ1-ის გუნდთან პირველი, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ – 28:19. იმედია ბათუმი ბორჯღალოსნებისთვის ამჯერადაც ფეხბედნიერი აღმოჩნდება და ფიჯისთან 8-წლიანი პაუზის შემდეგ მეორე გამარჯვებას ვიზეიმებთ.

საქართველოს რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები