საქართველოს ნაკრები, საბერძნეთის ნაკრები
Aa
Aa

საქართველო VS საბერძნეთი - როგორია ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

26 მარტს საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. ამ გუნდებს შორის აქამდე გამართული ცხრა მატჩიდან შვიდში ბერძნებმა გაიმარჯვეს, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

 საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრების გზები პირველად ათენში 1996 წლის 8 მაისს გადაიკვეთა. ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრები მე-15 წუთზე გოჩა გოგრიჭიანმა დააწინაურა, რასაც მასპინძლების რიგებში შესვენების შემდეგ დუბლით ცემისტოკლის ნიკოლაიდისმა უპასუხა და გუნდს 2-1 მოაგებინა. ორი წლის შემდეგ ბერძნებმა საკუთარ სტადიონზე ქართველები კიდევ ერთხელ დაამარცხეს ამჯერად უკვე ოფიციალურ შეხვედრაში და ამჯერად უკვე 3-0. სამი ბურთი პირველივე ტაიმში ნიკოს მახლასმა, ნიკოს ლიბეროპულოსმა და მარინოს ოუზუნიდისმა გაიტანეს. ეს იყო ევროპის 2000 წლის შესარჩევი ეტაპი, სადაც ბერძნებმა თბილისშიც მოგვიგეს. 54-ე წუთზე ჩვენი გუნდი თემურ ქეცბაიამ დააწინაურა, თუმცა უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და შეხვედრის ბოლო ოთხ წუთში კონსტანტინოს ფრანცეკოსისგან და ნიკოს მახლასისგან ორი ბურთი გავუშვით და საბოლოოდ მატჩი 1-2 დამთავრდა.

 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 2005 წელს, ქართველები და ბერძნები უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ისევე როგორც თბილისში გამართულ წინა შეხვედრაში პირველი ბურთი საქართველოს ნაკრებმა გაიტანა და ჩვენი გუნდი 22-ე წუთზე მალხაზ ასათიანმა დააწინაურა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლო ორ წუთში მიხალის კაპსისისგან და ზისის ვრიზასისგან თითო ბურთი გაუშვეს. მეორე ტაიმში კი საბოლოო ანგარიში სტილიოს იანაკოპულოსმა დააფიქსირა და ელადელებმა, რომლებიც მაშინ ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობდნენ, 3-1 გაიმარჯვეს. ამავე შესარჩევში ქართველებმა ბერძნებთან სტუმრად 0-1 წააგეს და მათ კარში მე-17 წუთზე ბურთი დიმიტრიოს პაპადოპულოსმა გაიტანა.

 საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ბერძნებთან არ წააგო, თემურ ქეცბაია იყო - ეს 2010 წლის 3 სექტემბერს მოხდა, როდესაც მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილის მიერ გატანილი ბურთი 72-ეზე ნიკოლაოს სპიროპულოსმა გაქვითა. ამავე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველები ბერძნებთან ქულის აღებასთან ახლოს თბილისშიც იყვნენ, როდესაც მოწინააღმდეგეს მე-18 წუთზე დავით თარგამაძის გოლით ამარცხებდნენ, თუმცა ჯერ 79-ეზე გეორგიოს ფოტაკისმა გაათანაბრა, 85-ეზე კი ანგელოს ხარისტეასმა გამარჯვების ბურთი შეაგდო.

 ბოლოს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების C დივიზიონის ფინალისტები უკვე ვილი სანიოლის მწვრთნელობისას დაუპირისპირდნენ და ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით მარცხებოდნენ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და მატჩი 1-1 დასრულდა. 2021 წლის 9 ოქტომბერს კი საქართველოს ეროვნული გუნდისთვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში იყო და ბათუმში გუნდი 0-2 დამარცხდა. 90-ე და 95-ე წუთებზე მასპინძლების კარში თითო ბურთი ანასტასიოს ბაკასეტასმა და პეკასმა გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბერძნეთთან ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთები 23 მარტიდან გაიყიდება
საბერძნეთთან ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთები 23 მარტიდან გაიყიდება