არტურო ვიდალი „ბაიერნში“ ითამაშებს
ტურინის „იუვენტუსის“ ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი დიდი ალბათობით მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება.
„Gazzetta dello Sport“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბიანკონერის“ გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა გერმანიაში ჩაფრინდა, სადაც 28 წლის ჩილელის ტრანსფერი საბოლოოდ გაფორმდება.
„ბაიერნი“ ვიდალის სანაცვლოდ სავარაუდოდ 36 მილიონ ევროს გადაიხდის და მომავალში ბონუსის სახით „იუვენტუსის“ ანგარიშზე კიდევ 4 მილიონს ჩარიცხავს. თავად ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. მისი წლიური ანაზღაურება 6,5 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ გადასვლამდე ვიდალი „ბუნდესლიგაში“ თამაშობდა და 2007-2011 წლებში „ლევერკუზენის“ ღირსებას იცავდა.