ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სუპერძალები დაკარგა“ | Corriere dello Sport-ის სტატია კვარაზე

ავტორიტეტული იტალიური გაზეთის, Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნეს. ავტორის თქმით, „კვარას“ რთული პერიოდი უდგას და მისი აგენტის ბოლო განცხადებამ „ნაპოლის“ ქომაგები აანერვიულა.

„ხვიჩა კვარაცხელიამ სუპერძალები დაკარგა. წადით და გაიგეთ მისი კრიპტონიტი რა აღმოჩნდა... რაიმე მინერალი, მაგნიტური ველი თუ უხილავი ბადე? რა დაემართა სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს და ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდას? რა? სად? როდის? რატომ? უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და ასევე, გვაქვს მის მიერ ნაჩვენები თამაშის კოლექცია, რომელიც ბევრად დაბალი დონისაა, ვიდრე იმ ფეხბურთელის ასპარეზობა, რომელიც გასულ სეზონში ლურჯ მაისურსა და წითელ მოსასხამს ატარებდა. იმ ფეხბურთელისა, რომელიც მარცხენა ფლანგზე ზებგერით სოლორეიდებს ახორციელებდა, ილუზიონისტივით გვაოცებდა, ასისტებს აკეთებდა და გიჟური გოლები გაჰქონდა. მისი თამაშის ხილვა უდიდესი სიამოვნება იყო, ახლა კი ყველაფერი სხვანაირადაა. კვარას ღიმილი გაუქრა და როგორც მთელი გუნდი, ისიც დამწუხრებულია.

ხვიჩა ერთ-ერთია, ვინც ყველაზე მეტადაა გაბრაზებული. ერთი წლის განმავლობაში, მას არაფერი გაუკეთებია მოედნის თავაწეული დატოვების გარდა, ახლა კი მინდორს თავჩაღუნული ტოვებს. მისი გამომეტყველებაც შეიცვალა და თვალებსა და სახეზე სიბრაზე ეტყობა. ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასთან გამართული მატჩისას, როცა ფრანჩესკო კალცონამ 68-ე წუთზე ჩაანაცვლა, მან უკმაყოფილება ვერ დამალა. კალიარისთან შეხვედრაში 75-ე წუთზე გაიყვანეს, მაგრამ ნაპოლის თავკაცმა განაცხადა, რომ მისი იმედი კვლავინდებურად აქვს. კალცონას მისია ხვიჩასთვის თავისუფლების, სიმსუბუქისა და ბედნიერების დაბრუნებაა.

თითქოს, ეს ყველაფერი საკმარისი არ ყოფილიყო, კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი განაგრძობს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც ნეაპოლელ ქომაგებს გონებას ურევენ და ნერვიულობას აწყებინებენ. ამჯერად, ჯუღელმა Championat.com-თან ილაპარაკა და მიგვანიშნა, რომ საკუთარი კლიენტის თაობაზე წინადადებები მიღებული აქვს და ყველაფერი მაისში გაირკვევა. მართალია, ბოლო პერიოდი ხვიჩას კარგ რეკლამას ვერ გაუკეთებს, მაგრამ კვარაცხელიამ აჩვენა, რომ ისევ კვარაა და მის თამაშს ფეხბურთის მოყვარულებისთვის უდიდესი სიამოვნების მოტანა შეუძლია. მიუხედავად ამისა, ხვიჩა ვერ გამოდის მორევიდან, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გუნდის გარშემო წარმოიქმნა.

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, პრობლემა კოლექტიურია და გუნდში შექმნილ ვითარებას უკავშირდება. დაიკარგა კოდები, დაიკარგა ქედმაღლობა, დაიკარგა აგრესია, დაიკარგა სიძლიერე, დაიკარგა სტაბილურობა, ნაპოლის აღარ ჰყავს სამი მუშკეტერი და აღარ ჰყავს ძლიერი გუნდი. ხვიჩა ახალგაზრდა ფენომენია. 23 წლის ბიჭს დიდ სცენაზე მხოლოდ 1 წელი აქვს გატარებული და ალბათ, წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, როცა გაჩნდა მოლოდინები, რომ გუნდის გადარჩენა მასზე და ვიქტორ ოსიმენზე იყო დამოკიდებული. ასევე, სახეზე გვაქვს მეორე პრობლემა, რომელიც ინდივიდუალურ საკითხებს უკავშირდება და მისი უგულებელყოფა შეუძლებელია. ხვიჩას 6 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული და 5 გაფრთხილება მიიღო, როცა მეტოქეებს მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მიაღებინა“, - წერს Corriere dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. 26 ტურის შემდეგ, ფრანჩესკო კალცონას გუნდი 37 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა, კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, რომელსაც ოთხშაბათს, „სასუოლოსთან“ გამართავს, კვირას კი 27-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ქვეყნის პირველ პირს შევხვდები“ | რაზე ოცნებობს ილია თოფურია?
„ქვეყნის პირველ პირს შევხვდები“ | რაზე ოცნებობს ილია თოფურია?