ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ეს ჩემი ყოფილი მეტოქეების შეურაცხყოფაა“ | ვოლკის ვრცელი ინტერვიუ და ილიასთან ჩხუბი

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან გასამართ საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. „ვოლკის“ თქმით, მოსამზადებელი კემპი შესანიშნავად მიმდინარეობს და „ელ მატადორთან“ ჩხუბისთვის ასი პროცენტით მზადაა.

„მოსამზადებელმა კემპმა შესანიშნავად ჩაიარა. ყველა კომპონენტი პიკს იდეალურ მომენტში აღწევს და 17 თებერვალს მოუთმენლად ველი. ერთი სული მაქვს, ოქტაგონზე როდის გავალ და ალბათ, გამოცდილი მამის როლი უნდა მოვირგო, რომელმაც თავის შვილს გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ მთლიანად ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული

ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით წაგება წარსულში დავტოვე და როგორც კი ახალი დავალება მომცეს, ყურადღება მთლიანად მასზე გადავიტანე. შემეძლო, იანვარში მეჩხუბა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა. ბრძოლა თებერვალში გადავიტანეთ და ეს იდეალური დროა.

არის თუ არა ილიასთან ჩხუბი ამაღელვებელი ბრძოლა? რა თქმა უნდა! ჩემი მეტოქე დაუმარცხებელი და ახალგაზრდა მებრძოლია, მაგრამ მას საკუთარი თავი მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ არ გამოუცდია. ჩემთან ნამდვილი გამოცდის ჩაბარება მოუწევს და ჩვენ შორის განსხვავება ესაა. მე საკუთარი სტატუსი ბევრჯერ დამიმტკიცებია, მას - არც ერთხელ. საინტერესოა, მართლა ისეთი მაგარია თუ არა, როგორც თავად ამბობს და ვნახოთ, რა მოხდება. მომწონს, როცა ხალხს ჩემში ეჭვი ეპარება და ეს მოტივაციას მმატებს.

არის თუ არა თოფურია ყველაზე სახიფათო და რთული მეტოქე, ვინც კი ოდესმე მყოლია? ილია სახიფათო და ძლიერია, მაგრამ გადახედეთ ჩემს ყოფილ მოწინააღმდეგეებს და მიხვდებით, რომ ამ განცხადების გაკეთება მათი შეურაცხყოფაა. როგორი სტრატეგია მაქვს? ვაპირებ, ჩემი ჩხუბი ვიჩხუბო. მჯერა, რომ ერთადერთი ვარიანტი, რომლითაც ამ დივიზიონში ჩემი დამარცხებაა შესაძლებელი, გამართლება და იღბლიანი დარტყმაა. მის საბმიშენებს და ნოკაუტებს რაც შეეხება, არაფერში მაინტერესებს. ჩემს ყოფილ მეტოქეებსაც ჰქონდათ ასეთი გამარჯვებები, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ ვერაფერი გააკეთეს და ვაპირებ, ილიას ვაჩვენო, რომ ისიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება. უამრავი გამოცდა მქონია და ყველა წარმატებით ჩავაბარე. თოფურიას გამოცდის ჩაბარება რამდენიმე დღეში მოუწევს და მისდა სამწუხაროდ, ის უბრალოდ ჩემი ისტორიის ნაწილია. მეგობარო, დამშვიდდი. გამომწერები იყიდე, მაგრამ ყველაფერს ვერ იყიდი.

თოფურიას სჭირდება, ვინმემ თავმდაბლობა ასწავლოს. თავი სუპერვარსკვლავი ჰგონია და ამბობს, რომ მასთან ჩხუბი დიდ ფულთან ასოცირდება. ილია უნდა გამოფხიზლდეს და თავმდაბლობა ისწავლოს, რაც უკეთეს მებრძოლად და ადამიანად აქცევს. ვაპირებ, სიკეთე გავუკეთო და გაკვეთილი ჩავუტარო.

გარანტიას გაძლევთ, რომ ქამარს ვერ მოიგებს და ჩვენი ბრძოლის შემდეგ, ახალი დოკუმენტური ფილმის გამოშვება მოუწევს, რომელშიც ახსნის, ეს რატომ მოხდა. გეუბნებით, კარგი ბიჭი ვარ და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ილია ერთ დღეს ღირსეული ჩემპიონი გახდეს და თავმდაბლობა ისწავლოს, რადგან ასეთი მენტალიტეტით და ასეთი დამოკიდებულებით ღირსეული ჩემპიონი ვერ იქნება. ყველაფერი დავიმსახურე, ილიას იგივე არ გაუკეთებია და მალე მადლობას გადამიხდის.

გახსოვდეთ, რომ ილიას სატიტულო ბრძოლა მე მივეცი. UFC-ს ეს არ უნდოდა, მაგრამ მე მოვისურვე მისი ნული (ნულ წაგებას გულისხმობს) გამექრო და საჩემპიონო ჩხუბი ამიტომ მიიღო. ახლა ჰგონია, რომ მაგარი კაცია და მალე ვაჩვენებ, რომ ეს რეალობა არაა. თოფურია ამბობს, რომ ორტეგასთან, მაქსთან და იაირთან ჩხუბი არ უნდა. როცა ჩემი დრო წავა, მინდა, ღირსეული ჩემპიონი დავტოვო და არავის უნდა ქამრის მფლობელი მებრძოლი, რომელიც მთავარ პრეტენდენტებთან ჩხუბზე უარს აცხადებს.

მართალია, ასაკში ვარ, მაგრამ ამ ბიჭებზე მეტად მშიერი ვარ. თოფურია ვარჯიშზე მეტად პრომოებსა და პრესაში გამოჩენაზე ფიქრობს. ალბათ, მას პოპულარობა თავში აუვარდა, მე კი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გამართავს და მისი და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩხუბი UFC 298-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბიც არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე