გერმანულის სწავლა დაიწყო | მოურინიოს ბაიერნის მწვრთნელობა სურს
61 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო გერმანიის ბუნდესლიგაში მუშაობით არის დაინტერესებული. ცნობილი გერმანული გამოცემა Blid-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი წერს, რომ მოურინიოს მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელობა სურს.
„გავიგე, რომ გერმანულის სწავლა დაიწყო. წარსულში, მას და „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს გარკვეული სახის კონტაქტი და სიმპათიები ჰქონდათ. საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება, რომ კლუბს სათავეში ჩაუდგეს“, - წერს ფალკი.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლოს „რომაში“ მუშაობდა და იტალიური კლუბიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.
რაც შეეხება „ბაიერნს“, ტომას ტუხელის გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ლევერკუზენის ბაიერს 5 ქულით ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ „ბაიერნი“ ბოლო ტურში სწორედ ლევერკუზენთან, 3:0 დამარცხდა, რამაც კლუბში ტუხელის პოზიციები საგრძნობლად შეარყია.