მბაპემ პსჟ-ს წინადადებას უარით უპასუხა - პარიზში ლეაუს ტრანსფერზე ფიქრობენ
ESPN-ის ინფორმაციით, პსჟ-მ კილიან მბაპეს ხელფასის გაზრდა შესთავაზა, თუმცა ფრანგმა კლუბის წინადადებას უარით უპასუხა. ამჟამად, კილიანი პსჟ-ში წლიურად ხელფასის სახით 72 მილიონს იღებს, რაც შთამბეჭდავი ანაზღაურებაა, თუმცა ამის მიუხედავად ფეხბურთელი კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს. Le Parisien-ის ინფორმაციით, მბაპემ „რეალთან'' მოლაპარაკება დაიწყო, ფეხბურთელის სურვილი ესპანურ გრანდში თამაშია. ასევე გეტყვით, რომ Foot Mercato-მ გასულ თვეში დაწერა, რომ მბაპემ „რეალში'' გადასვლა გადაწყვიტა.
2018 წლის მუნდიალის გამარჯვებულს მოქმედ კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. თუ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, დამატებით 100 მილიონ ევროს მიიღებს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ თანხის მიღება ფეხბურთელის გეგმებში არ შედის.
პსჟ-მ მბაპეს წასვლის შემთხვევაში შესაძლოა რაფაელ ლეაუ შეიძინოს. Football Italia-ს ცნობით, პსჟ-ს ვიქტორ ოსიმენის გადაბირებაც სურს, თუმცა უპირველესი სამიზნე პორტუგალიელი შემტევია. პსჟ-ში თვლიან, რომ პოზიციიდან გამომდინარე მბაპეს ლეაუ შეცვლის, რადგან ორივე მარცხენა გარემარბია. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ლეაუს გამოსასყიდი თანხა 175 მილიონი ევროა. პსჟ-მ „მილანს’’ სწორედ აღნიშნული თანხა უნდა გადაუხადოს.
გასულ თვეში Sportitalia- წერდა, რომ პსჟ კილიან მბაპეს მემკვიდრედ ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებდა. პარიზული კლუბი მზად იყო ქართველის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა თუ ამ წყაროს დავეყრდნობით, როგორც ჩანს ვითარება შეიცვალა და პსჟ ლეაუზე გადაერთო.