ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

კაკაბაძე იტალიაში? - კრაკოვიას მისი გაშვება არ სურს

პოლონელი ჟურნალისტის, ტომაშ ვლოდარჩუკის ინფორმაციით, „კრემონეზეს’’ ოთარ კაკაბაძის დამატება სურს. იტალიურ კლუბში ფეხბურთელის უფასოდ დამატებას იმედოვნებენ, რისთვისაც კაკაბაძემ „კრაკოვიასთან’’ მოქმედი კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს ან ახალი კონტრაქტი არ უნდა გააფორმოს, სეზონის ბოლომდე პოლონეთში დარჩეს და ზაფხულში „კრემონეზეს’’ უფასოდ შეუერთდეს. ვითარების ამგვარი განვითარება პოლონური კლუბის გეგმებში არ შედის.

მოგვიანებით, CrystalSport-მა ინფორმაცია გადაამოწმა. ჩვენი ინფორმაციით, კაკაბაძე სეზონის ბოლომდე „კრაკოვიაში'' ითამაშებს, ზამთარში მისი ტრანსფერი გამორიცხულია, თუმცა შესაძლოა ზაფხულში იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ, მისი წარმომადგენლები ტრანსფერზე მუშაობენ.

ამავდროულად, „კრაკოვია’’ კაკაბაძესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს, ფეხბურთელთან მოლაპარაკებაშია, თუმცა ცხადია, რომ იტალიაში თამაშის პერსპექტივა საინტერესო ვარიანტია. მით უმეტეს, რომ „კრემონეზე’’ შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს, მესამე ადგილზეა და ლიდერ „პარმას'' 7 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, „კრემონეზეში'' ლუკა ლოჩოშვილი ირიცხება, თუმცა რთული პერიოდი აქვს, სასტარტოში მოხვედრა უჭირს.

28 წლის ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიაში’’ მესამე სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო საერთო ჯამში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა (10 - პოლონეთის ჩემპიონატი, 2 - პოლონეთის თასი).

თბილისის „დინამოს’’ გარდა კაკაბაძეს ლა ლიგა 2-ის „ხიმნასტიკსა’’ (2016-18) და „ტენერიფეში’’ (2020-21) უთამაშია. ასევე, 2017 წელს „ხიმნასტიკმა’’ დანიურ „ესბიერგში’’ ნახევარი სეზონით გაანათხოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები